არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

გამოფენა “მოდი, ვნახოთ”

2015

გამოფენა “მოდი, ვნახოთ” არის არტ-ჯგუფი “ახალი კოლექტივი”-ს პრეზენტაცია-გამოფენა . “ახალი კოლექტივი“ არის ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც ორკვირიანი ვორქშოპის შედეგად, 2014 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა და სადაც 11 ქალი არტისტი არის გაერთიანებული. ახალი კოლექტივის მთავარი მიზანია სხვადასხვა სოციალური სიტუაციების გაანალიზება, კვლევა და აღმოჩენილი პრობლემების ხელოვნების ენით გადაწყვეტა, რადგან ჩვენი ღრმა რწმენით ხელოვნების სწორი გაგება-გაანალიზება და აქტივობებში ჩაბმა, შეიძლება მოგვევლინოს ბევრი პრობლემის გაგებისა და გადაჭრის გზად. ამასთან ხელოვნება მისი ფართო დეფინიციით საფუძველს უყრის და ანვითარებს ადამიანის შემოქმედებით მხარესა და ცნობისმოყვარეობას, რაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია საკუთარი მეს ძიებისა და კონსტრუქციის პროცესში.

ამ გამოფენით ჩვენ, ახალი კოლექტივის წევრები, შევეცადეთ განათლების ფორმებისა და მთავარი მიზნების კრიტიკულ გაანალიზებასა და გაგებას. მიგვაჩნია, რომ სწორი განათლება არის პასუხი ყველა სოციალურ გამოწვევაზე და გაუგებრობაზე. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი განმარტება და ხედვა “სწორი განათლების” შესახებ სუბიექტურია, თუმცა ვფიქრობთ, რომ ირგვლივ არსებულ პრობლემატურ გარემოში აღარ რჩება სივრცე და დრო ობიექტურობისთვის. ჩვენი წარმოდგენა სწორი განათლების შესახებ დაფუძნებულია ინფორმაციასა და ადამიანს შორის გამართულ კომუნიკაციაზე. ტრადიციული განათლების პირობებში ინფორმაცია არის ყოველთვის დომინანტი, ხოლო ამ ინფორმაციის მიმღები ასრულებს ერთგვარი ყუთის როლს, სადაც ეს ინფორმაცია ინახება და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ხდება მიღებული ინფორმაციის ანალიზი და რეპროდუქცია.

გამოფენაზე ჩვენ ვეცდებით შევქმნათ ღია, გამომწვევი, ექსპერიმენტული, მაგრამ ამასთანავე ნაცნობი და საინტერესო გარემო, რომლის მიზანიც სწორედ ამ რეპროდუქციის და ანალიზის პროცესის წახალისებაა. ორდღიანი გამოფენის განმავლობაში მნახველს ექნება საშუალება საგამოფენო სივრცეში დააკვირდეს და გახდეს გამოფენის ნაწილი და ჩაებას როგორც არტისტების მუშაობაში, ასევე სურვილისამებრ უბრალოდ მოირგოს მნახველის როლი.

ახალი კოლექტივის, როგორც ჯგუფის პრეზენტაცია და ასევე ნამუშევრების გამოფენის მსგავსი ფორმა შთაგონებული იყო ისეთი სიტუაციის შექმნის სურვილით, სადაც მნახველი თავს იგრძნობს დაბნეულად და ამავდროულად კომფორტულად, სადაც აუდიტორია დაფიქრდება აღქმულ სიტუაციაზე და მის როლზე ამ სიტუაციაში, ვინაიდან ნამდვილ განათლებას და ინფორმაციის აღქმას აქვს გამოცდილების ფორმა.

ახალი კოლექტივის წევრები: ნატა ყიფიანი, ანა მარტიაშვილი, თამუნა მჭედლიშვილი, ხატია ჭოხონელიძე, ვალერია ტვარდოვსკაია, ანა ჩადუნელი, თამარ ჩადუნელი, ელენე გაბრიჩიძე, გვანცა ჯიშკარიანი, თამარა გობრონიძე, ანა ჯიქია.

მოწვეული არტისტი: სოფიო ხუციშვილი

დიდი მადლობა მინა ჰენრიკსონს და თანამედროვე ხელოვნების ცენტრს (CCA-T)