ხელოვნება და თავისუფლება / სამოქალაქო უფლებები კრიზისის დროს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ და „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ წარმოგიდგენთ გამოფენას - „ხელოვნება და თავისუფლება / სამოქალაქო უფლებები კრიზისის დროს“, რომელიც აერთიანებს 21 არტისტის მიერ სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს.
პანდემიამ რადიკალურად შეცვალა როგორც ინდივიდის ყოველდღიური ყოფა და ჩვევები, ისე გლობალური წესრიგი. ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ როგორ ცდის ახალი რეალობა საზოგადოების მდგრადობას, მის ღირებულებებს და სააშკარაოზე გამოაქვს წლების განმავლობაში დაფარული პრობლემები. ნამუშევრები პერსონალური პერსპექტივიდან ეხმიანება კრიზისისა და პანდემიის დროს წამოჭრილ სოციო-ეკონომიკურ, უფლებრივ თუ მენტალურ საკითხებს. გამოფენა შეისწავლის გაუცხოების, იზოლირების თემებს და წარმოაჩენს ხელოვნების როლს ადამიანის თვითგამოხატვის თავისუფლებაში.
ნამუშევრები ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა. პროექტის ფარგლებში, არტ-ვილა გარიყულას რეზიდენციაში, ხელოვანებმა იმუშავეს მათ მიერ წინასწარ წარდგენილ კონცეფციაზე. დისკუსიებსა და შეხვედრების შედეგად, მონაწილეებს მიეცათ გამოცდილების გაზიარებისა და საკითხის ერთობლივად გადააზრების შესაძლებლობა.
მონაწილეები: მარი აქუბარდია, თამარ ბოჭორიშვილი, ჯგუფი ბულიონი, თეო ბურკი, მიშა გოგრიჭიანი, ნინო ზირაქაშვილი, ანა თარაშვილი, მაკა კილაძე, დავით კუხალაშვილი, თეო მასპი, ქეუ მეფარიშვილი, თამარ მჭედლიშვილი, მარიამ ნატროშვილი / დეთუ ჯინჭარაძე, ნათია ჩიკვაიძე / ანუშკა ჩხეიძე / საბა შენგელია, გიორგი ხანიაშვილი, თამარ ხმიადაშვილი, სალომე ჯიშკარიანი, ნუცა ჯღარკავა.
კურატორი: სალომე სორდია
გრაფიკული დიზაინი: ელენე გაბრიჩიძე
პროექტი ხორციელდება “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” ინიციატივითა და “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის” ფინანსური მხარდაჭერით.
მისამართი: ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბი, თბილისი, დ. აბაშიძის #10