ირაკლი გამრეკელი - H2SO4
19 მაისს, 19:00 საათზე TAF • Tbilisi Art Fair - ის ფარგლებში გალერეა "გამრეკელი" (პ.ინგოროყვა #14) წარმოგიდგენთ ირაკლი გამრეკელის გალა გამოფენას - "H2SO4".
უძველესი კულტურის მქონე, პატარა ქვეყნის საქართველოს მოდერნისტული ხელოვნება უაღრესად საინტერესო მოვლენაა. თანადროული ევროპული ავანგარდული მიმდინარეობების პარალელურად ქართულმა ხელოვნებამ თავისი თვითმყოფადი სახე შექმნა. XX საუკუნის დააწყისის თბილისი წარმოუდგენლად თავისებური იყო, აქ ერთმანეთის გვერდით თითქოს შეუთავსებადი აღმოსავლეთი და დასავლეთი არსებობდა თავისი კულტურით და ყოფით.
ქართული თეატრლური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი ირაკლი გამრეკელი (1894-1943წ.წ.) ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდა თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში და ქართული სასცენო მხატვრობის ისტორიაში მთელი ეპოქა შექმნა. ის იყო ფუტურიზმის და მოდერნიზმის ფუძემდებელი სცენოგრაფიაში. მანამდე არსებული ფორმათა სისადავე და ერთგვარი თავშეკავებულობა მხატვარმა განავითარა და დეკორაციებს გამორჩეული თავისებურებით და სითამამით აგებს. თავდაპირველად თეატრში სამუშაოდ კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია, მას შემდეგ რაც მის მიერ გაფორმებული ოსკარ უაილდის „სალომეა“ ნახა (1921 წელს). ამ პერიოდის ნაწარმოებებში უკვე გამოვლინდა მხატვრის თავისთავადი, სუბიექტური სტილი და გამოჩნდა, რომ იგი უპირატესობას უკიდურეს ავანგარდულ მიმდინარეობებს ანიჭებდა.
მის კომპოზიციებში უტრირებული წაგრძელებული, დემატერიალიზებული ფიგურები თანაბარმნიშვნელოვანი მეტყველი კონტურული ხაზებითა და მკვეთრი, ლოკალური ფერებით იქმნება. ფიგურათა პლასტიკის თავისებური გამძაფრება და ექსპრესიულობა ხელს უწყობს პერსონაჟების სევდიანი განწყობისა და ტრაგიკული განცდების გამოხატვას. ეს ნაწარმოებები უსაზღვროდ გაზვიადებული, გამარტივებული ფორმების ექსპრესიული გამომსახველობითა და მძაფრი კოლორიტული გადაწყვეტით გერმანულ ექპრესიონიზმს მოგვაგონებს. ამავე დროს დენადი, მოქნილ, სტილიზებული ხაზი, სიბრტყის, ფონის, ორნამენტული გადაწყვეტა და სურათის ხაზგასმული დეკორატიულობა „იუგენდშტილის’ მახასიათებლებს შეიცავს. „იუგენდშტილის“ ნიშნები, მართალია, სრულიად განსხვავებულად, მის თეატრალურ ესკიზებში მოგვიანებითაც იჩენს თავს.
1920-იანი წლებიდან მოყოლებული ირაკლი გამრეკელის მიერ გაფორმებულ სპექტაკლებში ევროპული ავანგარდის სხვადასხვა მიმდინარეობების ნიშნები იკვეთება. 1924 წელს მან გააფორმა ქართველი ფუტურისტების ჟურნალის “H2SO4” ერთადერთი ნომერი. ამ პერიოდში მხატვარი კუბო-ფუტურიზმით იყო გატაცებული. ირაკლი გამრეკელის სპექტაკლებში ვხდებით ელიფსის, გადაყირავებული კონუსის, სპირალის ფორმებს, რომლებიც ტეხილი ხაზებითაა დაყოფილი. აქაც აშკარაა ფუტურისტული სიმულტანურობა. ფერადოვნება გაძლიერებულია ფუტურისტული დინამიკის გავლენით. ამ პერიოდის თეატრალური ესკიზები თანამედროვე ქალაქის არქიტექტურასა და ინტერიერს ასახავენ.
ირაკლი გამრეკელი გასაოცარ ესკიზებს ქმნიდა, სადაც ფანტასმაგორიულობა, კონსტრუქციების თავისთავადი, განყენებული რიტმი და ფერადოვნების თამამი შეხამებები ყოველ მათგანს გამორჩეულ იერს ანიჭებდა. მხატვრისთვის ერთდროულად მისაღები იყო, როგორც მდიდარი და კონტრასტული, ასევე მკაცრი თავშეკავებული კოლორიტი.
*გამოფენის ნახვა შესაძლებელი იქნება 19 ივნისის ჩათვლით.