საკუთარი სუფრა
18 ოქტომბერს, 17:00 საათზე გეპატიჯებით თანამედროვე ხელოვნების სივრცეში (ბათუმი) გამოფენის, “საკუთარი სუფრა”, გახსნაზე. გამოფენის თემაა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა საქართველოში. გამოფენის მიზანია ერთად გავიაზროთ, როგორ ხდება საზოგადოებაში ქალთა მძიმე გამოცდილების მიჩქმალვა და შევქმნათ პლათფორმა ამ თემაზე საჯარო განხილვისთვის.
პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალთა მტკივნეული გამოცდილება ხშირად შეუმჩნეველი, დამალული ან ტაბუდადებულია. გამოფენის მიზანია შეიქმნას სივრცეში ვირჯინია ვულფისეული „საკუთარი ოთახი“, სადაც მოისმენთ იმ ქალების მონათხრობს, რომლებიც პირადად გახდნენ გენდერული ძალადობის მსხვერპლნი. ჩვენი სურვილია, მათი გამოცდილება პრობლემის ახლებურად გააზრების, კვლევისა და განსჯის საგნად იქცეს.
ტრადიციული ქართული სუფრით შთაგონებულებს, გვსურს მეტაფორულ მაგიდაზე მოვათავსოთ ის, რაც იქ არასოდეს გვხვდება - გენდერული ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები. თუმცა ჩვენთვის სუფრა მხოლოდ მკაცრი ტრადიციებისა და აკრძალვების ადგილი არ არის - ეს გახლავთ იმპროვიზებული პერფორმანსი, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს ღრმა პიროვნული გრძნობები, იყოს კრეატიული, მხიარული და იმედიანი. სუფრის ნორმატიული და ამავე დროს, შემოქმედებითი ბუნება გვაძლევს საშუალებას უხილავი თვალსაჩინოდ ვაქციოთ და უკეთ დავინახოთ ჩვენი როლი მსხვერპლ ქალთა მძიმე ხვედრის მიჩუმათების პროცესში.
“საკუთარი სუფრა” რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტის თანამშრომლობის შედეგია. ესენი გახლავთ: მხატვარი თამუნა ჭაბაშვილი (საქართველო/ნიდერლანდები), ანთროპოლოგი აგნეშკა დუდრაკი (პოლონეთი/შვეიცარია), არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“ (საქართველო) და თვითდახმარების ჯგუფი „გესმით ქალის ხმა?“. ასევე, გამოფენა უმასპინძლებს ელიზა პროშჩუკის (პოლონეთი) ხმოვან ინსტალაციას.
შემოთავაზებული ინსტალაციები და ვიდეომასალა მომზადდა ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ჩაწერილი ინტერვიუების საფუძველზე. გარდა ამისა, თვითდახმარების ჯგუფის, „გესმით ქალის ხმა?“ წევრთა ინიციატვით, წარმოდგენილი იქნება მათი ხელით შექმნილი, მათი ცხოვრებისეული გამოცდილების ამსახველი ნივთები და მათ მიერ დაწერილი ზღაპრები. ამ ფორმით ჩვენ გვინდა თვითგამოხატვის საშუალება მივცეთ მათ, ვისაც ჩვეულებრივ ჩუმად ყოფნა უწევთ.
გამოფენის გახსნაზე ნაჩვენები იქნება ბექა წიქარიშვილის და ვატო ჯორკოშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი “ობიექტი 8”; (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC)). ფილმში განხილულია უსახლკარო ქალების პრობლემა საქართველოში.
პროექტის ინიციატორები: თამარ ჭაბაშვილი, აგნეშკა დუდრაკი
სუფრის ინსტალაციის ავტორი: თამარ ჭაბაშვილი
ვიდეოინსტალაციის ავტორი: აგნეშკა დუდრაკი
ხმოვანი ინსტალაციის ავტორები: აგნეშკა დუდრაკი, ელიზა პროშჩუკი
პროექტი განხორციელდა მონდრიანის ფონდისა (ნიდერლანდები) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ-რეგიონალური ბიუროს (საქართველო) ფინანსური მხარდაჭერით.
გამოფენის გახსნა: 18 ოქტომბერი, 17:00
დოკუმეტური ფილმი ჩვენება “ობიექტი 8“ : 18 ოქტომბერი 18:00
თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ზ. გამსახურდიასN1/5, ბათუმი, საქართველო
გამოფენა გასტანს 18 ოქტომბრიდან - 30 ოქტომბრამდე