არჩევანი არადანი
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოგიდგენთ Project ArtBeat-ის ჯგუფურ გამოფენას სახელწოდებით „არჩევანი, არადანი“.
‘იგივენაირი მაგრამ არა თანასწორი’ - რირკრიტ ტირავანია
კურატორი ნათია ბუკია
‘ქალის და კაცის უთანასწორობის თემა, რაც თავი მახსოვს, ჩემთვის სულ ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით 5 წელია, რაც შვილები გავაჩინე, ხშირად მიწევს მათი დაბადების დღეებზე ტარება. თბილისში ბავშვთა გასართობი ცენტრები ძირითადად ერთნაირია. პროგრამაში არის შეჯიბრებები. სიმარტივისთვის ხშირად ბავშვებს პირდაპირ გოგოების და ბიჭების გუნდებად ყოფენ, სადაც არც მონაწილეთა რაოდენობაა დაცული და არც ასაკობრივი ზღვარი. ჩემთვის ეს ‘შეჯიბრი’ სწორედ იმ აბსურდული დაპირისპირების მაგალითია, რასაც ნამდვილ ცხოვრებაში კაცის და ქალის ‘შეჯიბრი’ ქვია.
პრეისტორიული დროიდან ხდებოდა ქალის და კაცის დაპირისპირება, მათ განსხვავებულობებზე აქცენტების გაკეთება. ‘როდესაც ერთი ჯგუფი თავის თავს არქმევს ერთს, იმ წუთასვე ხდება ამ ჯგუფის საპირისპიროს შექმნა, რომელიც ხდება სხვა.’ - სიმონ დე ბუვუარი, (მეორე სქესი, 48 გვ.) ის, რომ დღემდე ქალის და კაცის უთანასწორობა მოუგვარებელ პრობლემად რჩება იმის ბრალია, რომ ქალები და კაცები რჩებიან ‘შეჯიბრში’. თითქოს დღეს ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავებულია. შეიძლება ასე იმიტომ ხდება, რომ, ბოლო დროს, ეს შეჯიბრი უკვე ქალების მხრიდანაც არის წახალისებული. ამის ობიექტურ მიზეზად ქალის მრავალსაუკუნოვანი უთანასწორო პირობებში ყოფნა შეიძლება ჩაითვალოს მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ქალის ბუნება ნაკლებად კონკურენტულია და შეჯიბრში ყოფნა მისი მოთხოვნილება არ არის. სხვადასხვა გუნდებად დაყოფა კი სწორედ რომ ხელს უშლის საბოლოოდ მივაღწიოთ ყველასთვის ნანატრ თანასწორობას.
‘არჩევანი, არადანი’ 14 თანამედროვე ქართველი მხატვრის გამოფენაა, რომლებიც განგებ ორ გუნდად არიან დაყოფილნი. გამოფენა გამიზნულად არის მიმსგავსებული ბავშვთა გასართობი ცენტრების შეჯიბრს, სადაც გუნდებად დაყოფის დროს მონაწილეთა ასაკი, რაოდენობა და შესაძლებლობები გათვალისწინებული არ არის. თუმცა ეს ხდება სრულიად საპირისპირო მიზნით. იმისთვის, რომ ხაზი გაესვას მთავარ შეცდომას, რის გამოც აღნიშნული პრობლემა დღემდე რჩება პრობლემად. გამოფენაში ‘არჩევანი, არადანი’ ყველას თანაბარი შესაძლებლობა და თავისუფლება მიეცა და აქ ‘გუნდების’ განსხვავებულობების ჩვენებასთან ერთად, მათი მსგავსებების ჩვენებაა მნიშვნელოვანი. ნამუშევრების არჩევის დროს მთავარი ყურადღება მხატვრების ინდივიდუალიზმის და თანამედროვე ქართული ხელოვნების მრავალფეროვნების წარმოჩენას მიექცა, თუმცა გამოფენის თემიდან გამომდინარე საინტერესო გახდა ისეთი ნამუშევრების ჩვენებაც, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს ან ძალიან ხაზს უსვამს ან და პირიქით, - ანგრევს. ეს გამოფენა არ არის ღრმა ანალიზი იმ პრობლემისა, რასაც ქალის და კაცის უთანასწორობა ჰქვია. ეს გამოფენა ხაზს უსვამს იმას, რომ არსებული შეჯიბრი უბრალოდ აბსურდულია რადგან, როგორც ნამდვილ ცხოვრებაში, არც აქ მოგებული ჯილდოს არ იღებს.
ეს გამოფენა ეძღვნება ჩემს შვილებს, მაქსიმეს, ნინას და პეტრეს იმისთვის, რომ თავისუფლად შეძლონ იყვნენ განსხვავებულები მაგრამ ამავდროულად - თანასწორები. რომ როგორც ახლა, განაგრძონ ერთ გუნდში თამაში.’ - ნათია ბუკია
მონაწილეობენ: თეა გვეტაძე, ქეთი კაპანაძე, Tamara K.E., ლადო ლომიტაშვილი, ავთო მესხი, ემა ლალაევა - ედიბერიძე, მაია ნავერიანი, გიო სუმბაძე, ბესო უზნაძე, ნიკა ქუთათელაძე, მამუკა ჯაფარიძე, გვანცა ჯიშკარიანი, ანა ჩადუნელი, თამარ ჩადუნელი.
ასევე მონაწილეობენ მაქსიმე ორთოიძე და ნინა ორთოიძე.