არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

რეალობა, რომელშიც ვცხოვრობ

2020

,,თანამედროვე ხელოვნების სივრცე'' წარმოგიდგენთ 2020 წლის საგამოფენო კონკურსში გამარჯვებული ,,გორგონების" პროექტის გამოფენას 5 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით. იდეის ავტორი და კურატორი სალომე ვეფხვაძე.

სახელოვნებო პროექტი „რეალობა, რომელშიც ვცხოვრობ’’ წარმოადგენს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტისტების რეფლექსიას იმ საერთო გარემოზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ჩვენ, როგორც ერთი სოციუმის წევრები, ყოველდღიურად ვირეკლავთ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს, ვექცევით სოციალური თუ კულტურული პროცესების გავლენის ქვეშ. ჩვენ ერთ რეალობაში ვცხოვრობთ, თუმცა სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ მას. გარემოდან მოწოდებული ინფორმაციის შენახვა-გადამუშავება, როგორც სუბიექტური პროცესი, სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს ინდივიდებში. შესაბამისად, თითოეული ადამიანის მიერ აღქმული რეალობა სრულიად განსხვავებული და უნიკალურია. უნიკალურია შეგრძნებები და განცდები, რომელსაც ესა თუ ის მოვლენა იწვევს კონკრეტულ ინდივიდში. 

ეს გამოფენა ერთგვარი ექსპერიმენტია, სადაც განსხვავებულ მედიუმებში მომუშავე არტისტები (ინსტალაცია, ფოტოგრაფია, ფერწერა, პერფორმანსი და სხვა) სხვადასხვა თანამედროვე საშუალებით ეცდებიან, შექმნან თავიანთი პირადი გარემო. დამთვარიელებლებს საშუალება ექნებათ, გაიზიარონ მათი პირადი სივრცე, როგორც გრძნობების დიდი სპექტრი და გახდნენ ამ განცდებისა და შეგრძნებების უშუალო მონაწილეები ...

სალომე ვეფხვაძე

„წრე“

გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ქაოტურია, თუმცა საინტერესოა, შენ თვითონ რომელ ხედვის წერტილს აირჩევ. შესაძლებელია, იპოვო მშვიდი „ვიზუალი“, სადაც თავს კომფორტულად და დალაგებულად იგრძნობ. ყველას აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს თავისი გზა.

მარიამ კაპანაძე

„განუსაზღვრელობა“

დღეს უამრავი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ყოველდღიურად გვიწევს მრავალი გადაწყვეტილების მიღება და განუწყვეტლივ ვიღებთ ინფორმაციას, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ დონეზე. ამ პროცესების მიღმა, ადამიანები, რომლებსაც აქვთ თავიანთი მოლოდინები, მუდმივ გაურკვევლობაში არიან, სტაბილურობის განცდა პირობითია, რადგან ჩვენს გარემოში, შეიძლება „ხვალ“ ყველაფერი შეიცვალოს, გაორმაგდეს ფასები, დაკარგო სამსახური გაურკვეველი მიზეზების გამო და ა.შ. იმას, რასაც ყოველდღიურად სტაბილურად განვიცდით, არის განუსაზღვრელობა.

ქრისტინე ბებია 

,,(ი)რეალობა ... 

მოგზაურობა სამყაროში ... ’’

ვფიქრობ, არსებობს მეტ-ნაკლებად ობიექტური მოცემულობები თავისთავად, მაგრამ ეს ,,ობიექტურობებიც'' სუბიექტურად აღიქმება ადამიანის მიერ და სწორედ ისეთია გარე სამყარო ადამიანისთვის, როგორც ის მას უყურებს შინაგანი სამყაროდან. საკუთარი შინაგანი სამყაროს აღქმაც სუბიექტურია და სუბიექტური აღქმაც გამომდინარეა სუბიექტური გამოცდილებებიდან (ჩემი სუბიექტური აზრით :)) ... ჩემი მსოფლმხედველობის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი (შე)აქვს ბედუინურ მოგზაურობას. ქვეყნებში, კულტურებში ხეტიალი სამყაროს დაკვირვებისა და შემეცნების კარგი პრაქტიკული საშუალებაა ჩემთვის და ყოველმხრივ მამოგზაურებს, მაძლევს რა საშუალებას, სხვადასხვა კუთხიდან დავინახო და გავიცნო სამყარო ჩემ გარეთ და ჩემ შიგნით და მათი ურთიერთობა ერთმანეთთან ერთ მთლიანობაში ...

ანა კვიჭიძე

“ხედი ჩემი ფანჯრიდან“

რაც უფრო მაღალ სართულზე ყიდულობ ბინას, ფასი იზრდება. იგულისხმება, რომ მაღალი სართულიდან ლამაზი ხედი იშლება, თუმცა ჩემს წინ ულოგიკოდ, ქაოსურად განლაგებული შენობებია.

მაგდა ბატიაშვილი

„შეერთება“

კარგავ თავს?

შეერთება - კომუნიკაციაა სამყაროსთან, სხვებთან. საკუთარ თავთან გზაა, რომელსაც გადიხარ ყოველ დღე. კავშირია, რომელიც გრთავს სხვებთან და სხვებისგან. გაქცევაა საკუთარი თავისგან. დამალვაა.

ნინო გავაშელი

“Gaze”

დაჟინებული მზერა რომელთანაც ქუჩაში ყოველდღიურად გიწევს გამკლავება. მზერა, რომელიც გაშიშვლებს, რომელიც გხდის მამაკაცის სექსუალურ ობიექტად, გაქცევს მათი ფანტაზიის ჩარჩოებში და გაკარვინებს თავდაჯერებულობას. მიუხედავად იმისა ვანიჭებთ თუ არა ამ მზერებს მნიშვნელობას, დღის ბოლოს მაინც რჩება დანაშაულის განცდა და აუტანელი დისკომფორტი საკუთარ თავთან.