წყლებს ზემოთ
როკო ირემაშვილის პროექტი
გალა გალერეა და თანამედროვე ხელოვნების კლუბი
შემოქმედების ნებისმიერი ფორმის მამოძრავებელი, მასაზრდოვებელი,თუ შთამაგონებელი იმპულსი ზოგადად არსიდან, ან ამ არსის უარყოფიდან მოდის. არსის უარყოფა კი არარსის თავისთავადობას განაპირობებს და მას უკვე არსებულ, ანუ გარკვეულ არსად მოიაზრებს - ეს აბსურდულ ანტონიმად გვევლინება ფსევდო დიონისე არეოპაგელთანაც. ,,არსი არს, ხოლო არარსი არა არტს'', ამ მარტივი ჭეშმარიტების თანახმად, კი არსი არსებული და მეტ-ნაკლებად ცოცხალია, სიცოცხლე კი ზოგადად არსში მყოფთა ფარდობითმნიშვნელობასა, თუ დანიშნულებას განაპირობებს.
წყალი სიმბოლურად სიცოცხლეს მიესადაგება და ეს სიმბოლიკა არ არის მიზეზს მოკლებული. ყველაზე უფრო უდაბნო ადგილშიც წყლის თუნდაც მცირე დოზით არსებობა უკვე განაპირობებს სიცოცხლის გაჩენას, თუ მიზიდვას თვით მატერიალურ სამყაროშიც. წყალი პირველი ქმნადობაა და პირველი ელემენტი ოთხთაგან.