სხეულის შინაარსი - ლუიზა ლაფერაძე
,გამოფენაზე წარმოდგენილი ობიექტები ფოკუსში აქცევდა სხეულის, ნივთის და მასთან დაკავშირებული იდენტობების თემებს. როგორ იძენს ფერი, ფორმა, სამოსი, სხეული ადამიანისთვის მნიშვნელობას? გულწრფელი, ღია მონოლოგი პერსონალური გამოცდილებების შესახებ დამთვალიერებელს იწვევდა, მონოლოგის დიალოგად გარდასაქმნელად.
ნამუშევრები ხელოვნის ცხოვრებისეული, სოციალური, პოლიტიკური გამოწვევბის გარშემოა შექმნილი. კულტურული შრეები, ფილტრები, ტაბუები და ჩვევები, რომლებიც დაბადებიდან ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება, ან დროთა განმავლობაში გვიყალიბდება, რაღაც მომენტში საყოველთაო ისტორიის, სოციალური, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილიც არის და პირადიც.
გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ხელოვნის ცხოვრებიდან ამბები, სიტუაციები ტრანსფორმირებულია სხვადასხვა მედიაში. თაბაშირის, ხის ობიექტები, ქსოვილი, მიწა, კედლის მხატვრობა და ვიდეო სხვადასხვა კუთხიდან გვაჩვენებს მზერას მიმართულს შიგნით, საკუთარი გამოცდილებებისკენ. კულტურული ნორმები, საზოგადოების, კულტურის შემოთავაზებული წესები, გამოტანილია ღიად, როგორც მათი დაშლის, გააზრების პროცესი. ამან შეიძლება ახალი წესრიგი დაბადოს.
კურატორი მარიამ ლორია
გამოფენის მხარდამჭერი: ქალთა ფონდი საქართველოში