ნიკა ქუთათელაძე - ტარიელი ემზადება გამოსაზამთრებლად
ნიკა ქუთათელაძის სერიული ნამუშევარი გურიის მთიან სოფელში მომაკვდავ ყოველდღიურობაზე მოგივთხრობს და გვთავაზობს არქიტექტურული ტრანსოფრმაციების შემოქმედებით ხედვას. ხელოვანი იკვლევდა სოფელი მიწიეთის არქიტექტურული ლანდშაფტის ობიექტებსა და მათ ცვლილებებს დროის განმავლობაში. მის ნამუშევარში ნაჩვენებია ის, თუ როგორ აისახება მიმდინარე მოვლენები და ყოველდღიურობა არქიტექტურულ მოცემულობებზე.
ნიკა ქუთათელაძე სოფელ მიწიეთში ფუნქცია დაკარგულ სახლს განაზოგადებს და ახალ კონტექსტში არსებული საკითხების თემატიზირებას ახდენს. ეს არის ერთგვარი მცდელობა, შეიქმნას ახალი სივრცობრივი კონსტრუქცია გალერეა ართბითის საგამოფენო სივრცეში, რომელიც ახალი ვიზუალური ნიშნებით სივრცის ახლებურად გააზრების შესაძლებლობას იძლევა.
ავტორი იკვლევდა დასახლებაში არსებული არქტიტექტურული ლანდშაფტის ისტორიას, ყოველდღიურობის რიტუალებსა და გარემოს. სოფელში არსებული უფუნქციოდ დარჩენილი საცხოვრებელი, რომელიც სოფლის მაცხოვრებლების მიერ დაშლას ექვემდებარება, ხელოვანისთვის საინტერესო დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა და სწორედ ამ ნგრევის პროცესით მიღებული შთაბეჭდილებებით ქმნის ახალ ნამუშევარს. ამ სახლზე რკინის ‘ჟეშტებით’ აკრულ კედლებსა და სტრუქტურას ხელოვანი გალერეაში კონსტრუქციად და ნიშნებად აქცევს, რომლებიც მათ ყოფილ უტილიტარულ ხასიათზე მიანიშნებენ. ეს ნიშნები შეიძლება იკითხებოდნენ დროის ენთროპიისგან და გარემო პირობებისგან დამცავ ელემენტებად. საბოლოოდ, ისევ და ისევ ადამიანის ხელების წყალობით ეს ელემენტებიც წყვეტენ არსებობას. სოფლის დაცარიელების პროცესი ფატალურ სურათს ქმნის. ამ სივრცით მიღებული შთაბეჭდილებით ხელოვანი აგრძელებს ახალ პროექტზე მუშაობას.
ნიკა ქუთათელაძე დაიბადა 1989 წელს, თბილისში. 2007- 2011 წლებში ის სწავლობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2013 წელს დაამთავრა არაფორმალური სამაგისტრო კურსი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, თბილისი (CCA-T). მისი ნამუშევრების უმეტესობა მოიცავს ინსტალაციებსა და სკულპტურებს, რომლებიც ასახავენ ყოველდღიურ სამომხმარებლო და სხვადასხვა გარემოს საკითხებს. მისი უკანასკნელი არტისტული გამოხატულება არქიტექტურული სივრცეების გარდაქმნას და ზოგადად ურბანულ გარემოს უპირისპირდება.
მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:
2019 - ‘მეტამორფოზა’, Art in Europe Now - The Fondation Cartier, პარიზი, საფრანგეთი; 2018 - ‘რომ დავიცვა ჩემი სახლი სანამ შორს ვარ’, თბილისის არქიტექტურის ბიენალე, თბილისი, საქართველო; ‘წისქვილი ყოფილი პავლოვის ქუჩაზე’, Kunsthalle Tbilisi, თბილისი, საქართველო, 2017 - ‘მარშუტკა და სათამაშო მოედანი ჩემს ძველ ბინაში’ მიცკევიჩის №20, თბილისი, საქართველო; ‘ორმაგი სტანდარტები’, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ‘Yarat’, ბაქო, აზერბაიჯანი; 2016 - ‘კედელი, უხეში ხალიჩა, პარკეტი’, თბილისი, საქართველო; 2015 - ‘AD HOC’, LA STATION, ნიცა საფრანგეთი; 2014 - ფესტ ი ნოვა 2014, ‘OPUS MIXTUM’, არტ ვილა გარიყულა, საქართველო; 2013 - ‘Am I You’, გალერეა ‘კონტეინერი’, თბილისი, საქართველო.
ფოტოები: თაკო რობაქიძე და ანგუს ლედლი ბრაუნი