არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მაია ნავერიანი - New Wave Tourist

2021

მაია ნავერიანის პერსონალური გამოფენა ‘New Wave Tourist' გალერეა ართბითში.

'ტურისტი - ცნობისმოყვარე მოგზაური, თავგადასავლების მაძიებელი, დროებითი, შემთხვევითი სტუმარი - ეს ის სიმბოლოა, რომელიც ყოველთვის მომწონდა და ბევრ ჩემს ნამუშევარში გამომიყენებია.

და აი, ახლა, როდესაც სრულ იზოლაციაში გამოვიკეტეთ და ყველანაირი მოგზაურობა გაყინულია, მცნება ტურიზმი, ტურისტი კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახდა ჩემთვის და ამ თემაზე ახალი ტექსტის შექმნაზე დავიწყე მუშაობა.

პანდემიის შედეგად ჩვენთვის ნაცნობი რეალობის ასეთმა უეცარმა და დრამატულმა შეცვლამ და შოკმა აბსოლუტურად შეარყია ყველა სისტემა - ფსიქოლოგიური, კულტურული, სოციალური თუ პოლიტიკური. მაგრამ, ამ დესტაბილიზაციამ, უცნობი მომავლის შიშმა და ქაოსმა თან ახალი მოგზაურობის, ახალი ტალღის ტურიზმის შესაძლებლობა და სურვილი გამოაჩინა.

თითქოს ძველი სენტიმენტებისა და ისტორიის ტვირთისგან გათავისუფლებულებს კარგად ნაცნობი ადგილების ხელახლა მონახულების, ახლებური წაკითხვის და ამ პროცესში ახალი რეალობის თვალის მოკვრის შანსიც მოგვეცა - ბუნდოვანი მომავლის, რომლის კონტურები თითქოს უფრო გამჭვირვალე და მსუბუქია' - მაია ნავერიანი.

მაია ნავერიანი 1985-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო მანამდე კი მხატვარ გია ეძგვერაძესთან. 1989 წლიდან საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მისი აქტიური პროფესიული კარიერა დაიწყო 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც Vordemberger Gildewart Foundation- ის საერთაშორისო კონკურსის (სადაც Annely Juda Fine Art-მა წარადგინა) ფერწერის პირველი პრიზი აიღო.

იმ დროდან მოყოლებული, მაია ნავერიანი აქტიურად იფინება დასავლეთის სხვადასხვა სამუზეუმო და კომერციულ სივრცეებში, მათ შორის Fordham Gallery, Danielle Arnaud Gallery, ლონდონი; Museum Wiesbaden, ვისბადენი; Neues Kunstforum, კიოლნი; Museum Bochum, ბოხუმი; Netwerk, Aalst, ალსტი; Cirius Art Centre, კორკი; Leonard Hutton Galleries, ნიუ იორკი; CoBra Museum, ამსტერდამი და ა. შ. ასევე 2004 – 2006 წლებში იღებს მონაწილეობას პერფორმანსებში გია ეძგვერაძის მიერ შექმნილი ჯგუფთან Everything is Alright ერთად, სხვადასხვა სამხატვრო ინსტიტუციებში, როგორებიცაა Neuer Berliner Kunstverein, ბერლინი, Museum Bohum, ბოხუმი და Museum Kunst Palatz, დუსელდორი. გერმანიაში მაია ნავერიანს წარმოადგენს Galerie Voss, დუსელდორფი.

არტისტი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში.