‘მე რო ლექსი დავწერე’ - ჯგუფური გამოფენა
ჯგუფური გამოფენა 'მე რო ლექსი დავწერე' გალერეა ართბითში.
მონაწილე ხელოვანები: თეა გვეტაძე, ანნა კ.ე., რუმს სტუდიო (ქეთი თოლორაია და ნატა ჯანბერიძე), ნიკა ქუთათელაძე, გიორგი ხანიაშვილი, მამუკა ჯაფარიძე.
კურატორი ნათია ბუკია.
‘მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად,
გულთამხილველო. მე არ მაქვს ბრალი’ - აკაკი წერეთელი.
'ეს გამოფენა პირველი პირადი დაკვირვება და მცდელობაა ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში საკუთარი ‘ენის’ ძიებისა. მაგრამ იმის მაგივრად, რომ შედეგი პასუხს მოიცავდეს, ის უფრო კითხვების დასმაა. რამდენად საჭიროა, რომ თანამედროვე ხელოვნებას იდენტობა ჰქონდეს? და თუ საჭირო არ არის, რამდენად შეუძლია ხელოვანს ამ გავლენებს გაექცეს? რამდენად გვჭირდება ჩვენ, ადამიანებს, როგორც ხეებს - ფესვები და რამდენად ეს ფესვები უნდა იყოს გეოგრაფიასთან და ასევე, შემთხვევითობებით და ერთობლივი ძალისხმევებით გადაკვეთილი ადამიანების ერთობასთან დაკავშირებული?
რამდენად აქტუალურია დღეს, რაზეც დავით კაკაბაძე ფიქრობდა ერთი საუკუნის წინ, რომ ქართული მხატვრობის აღორძინება, რომელიც თითქმის გამქრალი იყო, მხოლოდ ქართული ‘ენის’ პოვნით იქნებოდა შესაძლებელი? იქნებ და პირიქით, გარეთ ყურებით თუ მოხერხდებოდა ამ მიზნის მიღწევა? ეროვნული ფორმიდან გასვლით და მხოლოდ ამ სახით უფრო დიდთან, უნივერსალურთან შეერთებით? ან იქნებ სწორედ უნივერსალურთან შეერთება საჭიროებს ძალიან კონკრეტულზე კონცენტრაციას, რადგან ადამიანი რა არის თუ არა პირადი და პერსონალური გამოცდილებების ერთობლიობა და მხოლოდ ამ ინდივიდუალურის ფორმირებით, რომელიც იმავდროულად შეიძლება კრებითშიც ერთიანდებოდეს, იქმნება ჭეშმარიტად უნივერსალური? და შეიძლება კი ადამიანმა პირადი გამოცდილებიდან განდევნოს ის, რაც მისი ინდივიდუალიზმის შექმნაში ასეთი გადამწყვეტი შეიძლება იყოს? ან არის კი გადამწყვეტი?
არ ვიცი რამდენად მიახლოვებულს შეიძლება მიაღწიოს ჩემმა ძიებამ იმასთან, რაც ძმებმა ზდანევიჩებმა აღმოაჩინეს, როდესაც 1912 წლის ზაფხულში თბილისში ჩამოვიდნენ ქართული ეროვნული ხელოვნების ნიშნების საძებნელად, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ძიებას ყოველთვის აქვს აზრი. და რადგან პოეზია ყოველთვის იყო ქართველი ხალხის საყვარელი ხელოვნება, რომც ვერაფერიც აღმოვაჩინოთ, ეს გამოფენა დარჩება ლექსად, დაწერილად იმ მხატვრების მიერ, რომლებიც ამ გამოფენაში მონაწილეობენ და მიძღვნილად მათ წარმოდგენას იმაზე, თუ რა არის მათთვის მათი იდენტობა. ჩემგან კი ეს ლექსი ეძღვნება იმ ადგილს, სადაც ხალხის ძალისხმევებმა და შემთხვევითობებმა შექმნა ის, რასაც საქართველო ჰქვია და იმ ხალხს, რომელიც შექმნა ამ ადგილმა და რომელსაც ქართველი ერი ჰქვია. და ასევე, ეს გამოფენა ეძღვნება ფიროსმანს, რადგან შეიძლება ის ერთადერთიც იყოს, ვინც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ რამეს ქართული ხელოვნება ვუწოდოთ.
‘ნიკო, თქვენს სურათებშია ქართული ხელოვნების ძვირფასი შეგრძნება, თქვენ აღმოაჩინეთ და გზა უჩვენეთ ქართველ მხატვრებს. თქვენი სურათებით ქართული ფერწერა ისევ ჩადგება ქართული ხელოვნების ისტორიულ კალაპოტში, გარდა ამისა, თქვენ აგვიხილეთ თვალები მშვენიერ საქართველოზე, რომელიც ასე ძლიერად და სიყვარულით აგისახავთ’ - ილია ზდანევიჩი, 1912 წელი.
P.S.
ამ გამოფენამ შეიძლება დამატებითი საშუალება მოგვცეს იმაზე დაკვირვებისა, თუ ქვეყანაში, სადაც ასე ძლიერად იყო განვითარებული ხალხური ხელოვნება, რამდენად მოახერხეს თანამედროვე ვიზუალურმა არტისტებმა ხალხურის ჩანაცვლება ისე, როგორც ეს სხვა სფეროებში, მაგალითად მუსიკასა და მწერლობაში მოხდა? რამდენად დაესესხნენ მათ ფორმებს და ფერებს ისე, რომ შეძლეს ჭეშმარიტად ინდივიდუალურის და ამავდროულად ჩვენთვის ყველასთვის საზიაროს და გასაგების შექმნა?’ - ნათია ბუკია.
სპეციალური მადლობა მონაწილე მხატვრებს და დათო კოროშინაძეს, ანი ჯორჯიაშვილსა და ნანა ყიფიანს.
ფოტოები: სანდრო სულაბერიძე