არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჯონ რიფენჰოფი და მამუკა ჯაფარიძე - "კერა"

2021

ჯონ რიფენჰოფისა და მამუკა ჯაფარიძის კოლაბორაციული გამოფენა "კერა" გალერეა ართბითში.

‘გარემოებების გამო, როცა უცნობ გზაჯვარედინზე მოხვდები, მერყეობა გეწყება. არ იცი საით წახვიდე და რა გზას დაადგე. ასეთ დროს, თუ შესაბამისი ინტუიცია და დაკვირვების უნარი გაქვს, თვითონ გარემომ შეიძლება გიკარნახოს სწორი ნაბიჯები და სამშვიდობოს გაგიყვანოს.

თანამედროვე სამყაროს მდგომარეობაც რაღაცნაირად გზაჯვარედინზე დეზორიენტირებულად ყოფნას გავს - ხვდები, რომ უკან ჩვეულ ცხოვრებას ვეღარასოდეს დაუბრუნდები და წინ კიდევ სტაბილური და მყარი პერსპექტივა არანაირად აღარ მოჩანს.

ალტერნატივის ძიებაში ალბათ ბევრი იდეა გადამუშავდება ლამის ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში ჩავარდნილი კაცობრიობის გადახურებულ გონებაში, მაგრამ კულტურისა და ხელოვნების ფენომენი, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ‘ავანგარდში’ დგას და წინმსწრებად ცდილობს დაგვანახოს ტრანსფორმაციის ’ეფემერული’ შესაძლებლობები.

ჯონ რიფენჰოფი მილუოკელი არტისტია და ამ ბოლო დროს ცაში ხშირი ყურება დასჩემდა. ერთი პერიოდი იმასაც კი ფიქრობდა ‘ღამის ცის მხატვრად’ დაემკვიდრებინა თავი, მაგრამ ივან აივაზოვსკივით მხოლოდ ‘მარინისტი’ მხატვრის ბანალურ კლიშეს გაექცა და ‘ცის მიღმა’ ბევრი სამყაროს უკეთ დასანახად დედამიწაზე ‘არტისტული ობსერვატორიების’ ძებნა დაიწყო.

საქართველოში, თბილისთან ახლოს, სოფელ შინდისში მხატვარ მამუკა ჯაფარიძეს რეზიდენცია აქვს მოწყობილი და შემოქმედებითი კოლაბორაციისთვის ხშირად იწვევს არტისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. რეზიდენციის კონტექსტი საინტერესო იმ თვალსაზრისით არის, რომ მამუკა ჯაფარიძის ხელოვნება მჭიდროდ არის მორგებული ადგილის სპეციფიკის ფენომენთან. ადგილობრივი კლიმატი, ლანდშაფტური თავისებურებები, ტრადიციული ყოფის ელემენტები თუ ისტორია მხატვრის მუშაობაში არის ისეთი ტიპის მასალა, რომლის საშუალებითაც ყალიბდება გარემოზე მორგებული არტ-პროდუქტები, რომლებიც თანაბრად არის, როგორც არტისტული, ამავე დროს პრაქტიკული ფუნქციის მქონე (საკვები, სასმელი) ნამუშევრები.

ჯონის მიერ შინდისის რეზიდენციაში მუშაობის დაწყებისთანავე, მისი ყურადღება პირველ რიგში მიიქცია სულ უმცირესი დეტალებისათვის დამახასიათებელმა შინაარსებმა. ისტორიული სამაჩაბლოდან, ზედ რუსეთის მიერ გავლებული საოკუპაციო საზღვრიდან ჩამოტანილი ‘ჩინური’ ყურძნის დაწურვის ჰიპერაქტიური პროცესის შემდეგ ფერმენტაციისთვის საჭირო სიჩუმესთან ერთად გაირინდა და ასეთი მინიმალისტური პოზიციიდან დაიწყო ირგვლივ ყველაფრის აღქმა-დამუშავება.

ღვინოსთან ერთად, ცეცხლის და შებოლვის თემაც ორგანულად მიება შემოქმედებით პროცესს და საბოლოოდ, პატარა ფორმატის ექვსი ფერწერული ტილოს ერთობლიობად ჩამოყალიბდა ჯონ რიფენფოჰის მიერ შესრულებული მამუკა ჯაფარიძის ‘პორტრეტი’.

‘ცის თემა’ ანუ ჯონის ინტერესის მთავარი საგანიც ზუსტად ასეთი ‘დეტალების’ პრიზმიდან იქნა დანახული. შესაბამისად, ‘ცებმა’ შინდისის, თბილისის თუ ქუთაისის თავზე აშკარად ჩინურისთვის თუ შავკაპიტოსთვის (ვაზის ჯიშები) დამახასიათებელი აქცენტები შეიძინა.

პარალელურად მიმდინარეობდა, ოღონდ უფრო განსხვავებულ კონტექსტში, მამუკა ჯაფარიძის მზადების პროცესი. მხატვარი ამ ეტაპზე ძირითადად საშემოდგომო სამუშაოებისათვის დამახასიათებელი აქტივობებით იყო დაკავებული, ხოლო ‘ხატვის პროცესი’ ძირითადად მინდობილი ქონდა გარემო პირობებისათვის. კერძოდ, თონესთან მაგიდაზე გაშლილი, ჩარჩოზე გადაკრული და ციანო საღებავებით მკრთალად დაგრუნტულ ტილოზე ყოველდღიურად ჩნდებოდა ბუნების მიერ გაკეთებული უხილავი ჩარევის კვალი. ქარის, წვიმის და მზის ‘მონასმები’ აქა-იქ გაბნეულ ყურძნის წიპწებთან ერთად საინტერესო გრადაციებად იშლებოდა სიბრტყეზე და ცასავით უსასრულო შრეებს აჩენდა.

საბოლოოდ, სოფლის გარემოსთან ინტერაქციაში ჩამოყალიბებულმა ამერიკელი და ქართველი მხატვრების მუშაობის პროცესმა თანდათან ჰარმონიულად უნდა გადაინაცვლოს ურბანულ სივრცეში და გალერეაში მოახდინოს გამოფენის ფორმით რეპრეზენტაცია.

თბილისის ძველ უბანში, გალერეა ‘ართბითის’ სივრცეში ჯონ რიფენჰოფისა და მამუკა ჯაფარიძის კოლაბორაცია ‘ტრადიციულად’ ისევ ადგილის სპეციფიკის ათვისებით გაგრძელდა და გალერეის ისტორიული შენობის გრანიტის ელეგანტური ბუხრის ირგვლივ კონცენტრირდა.

‘კერა’ - საყოფაცხოვრებო და რელიგიური რიტუალების უცვლელი ადგილი თითქმის ყველა კულტურისათვის, ხოლო, ამ კონკრეტული გამოფენის შემთხვევაში, თავისებური პორტალის, გარდამავალი ანუ ე.წ. ლიმინარული სივრცის ფუნქციის მატარებელი, სადაც არტისტები საკუთარ ნამუშევრებსა და პიროვნებას დომინანტურად კი აღარ წარმოადგენენ, არამედ, მთავარ ადგილს უთმობენ გარემო ფაქტორებს და ფაქიზად ცდილობენ ადამიანის ცხოვრებაში თუ შემოქმედებაში ბუნების მისტიკური ჩარევის კვალი ყველასათვის თვალსაჩინო და გასაგები გახდეს’ - ედიშერ ბერაძე.

ჯონ რიფენჰოფი ხელოვანია მილუოკიდან, სადაც მწვანე გალერეას ფლობს. ამავე დროს, ‘Open Fund’- ს უწევს ადმინისტრირებას და ‘Beer Endowment’-ის დამფუძნებელია. ჯონ რიფენჰოფი საჭმელების ინოვატორი, არტ მრჩეველი და არტისტების ადვოკატია.

ხელოვანი დაიბადა და ცხოვრობს მილუოკოში, სადაც მან დააფუძნა მწვანე გალერეა. რიფენჰოფი აწარმოებს ხელოვნებას, რათა კულტურული ელემენტები დააკავშიროს ერთმანეთს ერთიანი ქსოვილის ფორმით. 2014 წელს შექმნა კომპანია ‘Beer Endowment’, რათა მხარი დაეჭირა და ადვოკატირება გაეწია ხელოვანების მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციებისთვის. ჯონი ხელოვანებს პატივს მიაგებს მათი ნამუშევრების ინტერპრეტაციების ან საკუთარი ნამუშევრებით, სხვა არტისტებს წარმოაჩენს იმ მიზნით, რომ გააცნობიეროს საზოგადოების გავლენა და შემოქმედების პროცესში ითანამშრომლოს. მან გამოიგონა ქოლბის ორმაგი ნაღების ყველი, ასევე, წამოიწყო მილუოკის საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობა, აღასრულებს ღია ფონდის ადმინისტრირებას და ხატავს სიბნელეში ღამის ცას.

მამუკა ჯაფარიძე (დაბ. 1962წ. თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. მისი ნამუშევრების მედიუმი იცვლება კონტექსტიდან, სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე და მოიცავს ჰეფენინგს, საგნების და სურათების კოლექციებს და ფოტოების არქივს, რომლებიც დიდი დროის მანძილზე გროვდება, ვიდეო პროექციებს, ფოტოგრაფიას, ლინგვისტურ თამაშებს, ნახატებს, ხმის დიზაინს, პრინტებს და სხვა.

1987 წლიდან მხატვარი კონცეპტუალურ პროექტებზე მუშაობს. მისი ნამუშევარი ARTRA წარმოდგენილი იყო 1999 წელს ვენეციის 48 ბიენალეზე საქართველოს პავილიონში. ამავე წელს ვიდეო პროექცია Eye Trees მოეწყო ატლანტაში. არტისტის ნამუშევრები რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი საქართველოს ეროვნულ გალერეაში მათ შორის 2012 Reframing the 80s და 2014 Re:Museum. ნიუ-იორკში გალერეა Art in General-ში 2016 წელს მოეწყო გამოფენა Beyond Credit, სადაც სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად ჯაფარიძის ინსტალაცია იყო წარმოდგენილი.