ანა ჩადუნელი, Terrible Dreams
16 იანვარი - 6 მარტი 2021
კურატორი -გვანცა ჯიშკარიანი
არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც, ჩვენი რეალობა რეალური არაა, რომ ის, რაც ნამდვილი გვგონია, უმაღლესი ინტელექტის მიერ შექმნილი კომპიუტერული სიმულაციაა,- ის შეიძლება ვიდეო თამაშსაც შევადაროთ, ისეთს, რომელიც არასდროს სრულდება, რომლის სცენარი, თუნდაც ყველაზე პრიმიტიული, - მუდმივად გაგრძელებადია. თამაში შექმნილი მოთამაშისთვის, რომელიც შეძლებს იკვლიოს, იმოგზაუროს, აღმოაჩინოს, იგრძნოს უსასრულოდ.
ჰარუნ ფაროკის ფილმი "პარალელი" აღწერს თუ როგორ ეხმარება პროგრამა ვიდეო თამაშის გმირებს დარჩნენ თამაშის საზღვრებში და ამ ხელოვნურად შექმნილი, გამოგონილი ლანდშაფტის საზღვრიდან, ვიდეო თამაშის სამყაროდან, არ გადავარდნენ.
Terrible Dreams არის გამოფენა სადაც მხატვარი ხელოვნურად ქმნის მიკრო-კოსმოსს, ლანდშაფტს გალერეის შუშის ფასადს მიღმა მოქცეულს, რომელსაც მაყურებელი გარედან აკვირდება, ისევე როგორც ვიდეო თამაშს მისი მოთამაშეები.
გამოფენის ნაწილია უდაბნოს ტიპის მცენარეები, რომელიც მხატვრის მშობლიური ქალაქის განუყოფელი ნაწილია, ეს დედამიწისფერი მცენარეები, საგამოფენო სივრცეში გაბნეული მიწიდან და ვულკანური შავი მასიდან ამოსულნი, გამოფენის ცოცხალ ორგანიზმებად გარდაიქმნებიან და სივრცეს სათბურისა თუ ზოოპარკისმაგვარი, ადამიანის მიერ შექმნილი „ხელოვნური ბუნებრიობის“ ეფექტს ქმნიან. ამ ატმოსფეროში მცენარეები ტეხილი ხაზებითაა შემდგარი და მათი ერთმანეთში გადახლართული ჩრდილები ლაბირინთებს ქმნიან.
ისევე როგორც უსასრულო სცენარის ვიდეო თამაშებში, ანას ნამუშევრებშიც ჩანს გამეორება/ გაგრძელება/უსასრულობა, კონკრეტული ნივთების მუდმივი „რენდერინგი“, სხვადასხვა განზომილებებში გადატანით მათი სრულყოფისა თუ „Glitch in The Game” ეფექტის ელემენტი : ნახატში ნანახი აუზი, შეიძლება რეალურ აუზად გადაიქცეს და სივრცეში თიხის ობიექტად დაგვხდვდეს, ველური მცენარე ქანდაკებიდან ნახატში შევიდეს და მასში შექმნას ის უადამიანო ლანდშაფტი, წინასწარ გამზადებული გარემო, რომელიც მოქმედ პირს ელოდება.
Terrible Dreams (საზარელი სიზმრები), მთელი ინსტალაცია, თავის ნახატებითა და ობიექტებით, ღამით ტყეში მოგზაურობას გავს: სადაც ლიანების ჩრდილები გზას გირევენ, წყლის ანარეკლები კი გვირაბებიდან გასასვლელს გაჩვენებენ, მხოლოდ იმიტომ რომ თამაშის სხვა განზომილებაში გადაგიყვანონ, ისევ უგმირო, თითქოს მიტოვებულ სივრცეში, ხმელი, ეკლიანი მცენარეებით, მოცემულობაში, სადაც დარაბებზე ველური ვარდებია ამოსული და ყველა გზა, რომელსაც არ უნდა დაადგე, ისევ თამაშში გაბრუნებს.