თამარ ნადირაძე - "სადაც მივდივარ, წყალი მომყვება"
გალერეა 4710-შ0, გალერეის ხელოვანის, თამარ ნადირაძის სოლო გამოფენა “სადაც მივდივარ, წყალი მომყვება”.
გამოფენამდე, გალერეა ხელოვანთან 4 თვე თანამშრომლობდა, რა პერიოდშიც შეიქმნა გამოფენაზე წარმოდგენილი 12 ნამუშევარი.
ამ გამოფენისთვის არტისტმა პირველად სცადა ისეთ მედიუმებში მუშაობა, როგორიცაა თიხა და ნაქარგი.
წარმოდგენილი ნამუშევრების მთავარი ხაზი წყალია, რასაც პირველად სათაურში ვხვდებით, ‘სადაც მივდივარ, წყალი მომყვება’, ასევე, ხელოვანის ტექნიკა, რომელიც ყველა მედიუმს წყლის საღებავით ამუშავებს.
წყალი, როგორც დაკვირვების ობიექტი და ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ხელოვანმა სხვადასხვა მედიუმში სხვადასხვა სიუჟეტით აჩვენა.
წყალი, როგორც ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებს. ასევე, წყალი შეიძლება ჩაითვალოს დასაწყისის, დასასრულის და ცხოვრების თანამეგზურის სიმბოლოდ, ან, საკუთარი თავი გააიგივო წყალთან, რომელიც ჭიქაშიც კი, ყოველთვის მოძრაობის და ინფორმაციის გადამუშავების პროცესშია.
მითოლოგიური სიუჟეტების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა, რაც თამარის შემოქმედებისთვის ისედაც დამახასიათებელია, ამ გამოფენაზეც მთავარი სააზროვნო არეალია. სხვადასხვა ხერხით გადმოცემული არტისტის გამოცდილება, სივრცეში იმდენად საზიარო ხდება, რომ ზღვარი მნახველსა და ხელოვანს შორის იკარგება და იქმნება კავშირი, თითქოს უხილავი ძაფით, რომელიც, წყალთან ერთად, გამოფენის მთავარი სიმბოლოა.
თამარ ნადირაძე (1991) ქართველი ხელოვანია, რომელიც დაიბადა გორში. ხელოვანი მუშაობს თბილისში თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით. ხელოვანი აკვირდება თანამედროვე სოციალურ ცხოვრებას, ხელოვნების ახალ ფორმებს და მათ ერთმანეთთან აკავშირებს შემოქმედებითი კვლევის ფორმით, რაც ძირითადად ექსპერიმენტული პუბლიკაციების და ქაღალდზე შესრულებული ნახატების სახით სრულდება. თამარი ძირითადად დაინტერესებულია ისეთი თემებით როგორიცაა დიალოგი სოციალურ ცხოვრებასა და ანთროპოლოგიის, მითოლოგიის, ფსიქოლოგიის სფეროებს შორის, ასევე მისთვის გამორჩეული თემაა გენდერი.