არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

თეზი გაბუნია - Privacy

2021

თეზი გაბუნიას სოლო შოუს “Privacy" გალერეა 4710-ში. გამოფენაზე ხელოვანის 6 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა. "Privacy" ეხმიანება ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ადამიანებს პირადი სივრცის გადააზრების საშუალება მოგვცა.

გამოფენა 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

“მიმდინარე სიტუაცია უცნაური და უხილავი პროცესების წინაშე გვაყენებს. მოვლენები დრამატულ ფორმას იღებენ. ამ ცვლილებაში, არტისტის როლი კრიტიკული ხდება. პირველ რიგში, ეს როლი საგნების არსებული წესრიგის გადაფასებას ეხება. ხელოვნებას უძველესი დროიდან შეეძლო საგნებისთვის კონტრასტული მნიშვნელობის მინიჭება. მაგალითად, ტრაგედიის ქცევა სილამაზედ, ან - პირიქით. შექმნილ ვითარებაში, საგნებთან ყოველდღიური, პრაქტიკული შეხება გაიზარდა. შედეგად, მათი ესთეტიკური ღირებულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ნამუშევრებში, თეზი გაბუნია, ყურადღებას ყოველდღიურ სამომხმარებლო ნივთებზე ამახვილებს. ისინი, სამუზეუმო ექსპონატებს ემსგავსებიან. ამით ხაზი ორ გარემოებას ესმება: ერთი, რომ ისინი ხელოვნების ნიმუშის თვისებებს იძენენ და მეორე, საგნები ფუნქციის რეპრეზენტაციით საკუთარ იდენტობას ავლენენ. ამ პროცესს წინ უძღვის საგნის და ფუნქციის განცალკევება, როგორც შეუძლებელი მოქმედების, მოხმარების და გამოყენების აქტი. უნდა მივიღოთ თუ არა საგნების ეს წესრიგი? თუ, უნდა შევეწინააღმდეგოთ მათ იდენტობას? ორივე შემთხვევაში, კრიტიკული დაძაბულობა იქმნება, რომელიც თავად არის არსებული ცვლილებების შედეგი.”

ტექსტი: დათო კოროშინაძე

თეზი გაბუნია (1987) ქართველი ხელოვანია, რომელიც 2011 წლიდან სხვადასხვა მედიუმში მუშაობს თბილისში. ხელოვანს სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო სივრცეებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.

2016 წელს თეზი წინანდალის ფესტივალის გამარჯვებული გახდა. მისი პროექტი “შეყავი თავი გალერეაში” 2016 წლიდან დღემდე გამოიფინა: თბილისში, ბათუმში, ვენაში, კრაკოვში, ფილადელფიაში, სან დიეგოში, არიზონაში და ოსტინში.

თეზი გაბუნიას პროექტი “ლუვრის ჩაძირვა” გამოფენილი იყო: თბილისში, ბერლინში, ბარსელონაში და ნიუ იორკში.

ხელოვანი ასევე თანადამფუძნებელი და წევრია “CopyPaste”-ს, რომელიც ახალგაზრდა ქართველი არტისტების და არქიტექტორების პლატფორმაა.

ფოტო: იკა ხარგელია

პოსტერის დიზაინი: გვანცა გაბუნია