Polyphonic Shadow Cloth
ჩიკაგოში მცხოვრები მხატვრისა და მუსიკოსის ლისა ალვარადოს ნამუშევრების ახალი სერიის ‘Polyphonic Shadow Cloth’ გამოფენა გალერეა LC Queisser-ში.
შეუძლებელია საგნების და მათი ისტორიების განცალკევება. მათ გარშემო მომხდარი ფაქტების ენერგეტიკული კვალის წყალობით, საგნებს შეუძლიათ გახდნენ მეხსიერებისა და ტრადიციის, ისევე როგორც პოტენციური შესაძლებლობების შემნახველი ჭურჭლები. მათ ამავე დროს შეუძლიათ მოგვიყვნენ იმის შესახებ, თუ სად ვიმყოფებით და საით შეიძლება გვინდოდეს წასვლა.
ამ პოტენციალის გამოყენებით ალვარადო ქმნის მხატვრულ სურათებს, რომლებიც მუსიკასთან თანაარსებობენ, ზოგჯერ ეს არის ცოცხალი შესრულება ჯგუფ Natural Information Society-თან ერთად, ძირითადად კი ხმოვანი ინსტალაციები, რომლებსაც ის სასცენო დეკორაციებში იყენებს, დამთვალიერებელზე სმენის სომატური გამოცდილების ასახვის მიზნით, ტილოების რიტმული და შემხამებლობითი ზედაპირების გათვალისწინებით. სმენითი და მხედველობითი სინქრონიზაციის საშუალებით, მტკიცედ ჩამოყალიბებულ ფიზიკურ და სინესთეზურ სამყაროში ვეფლობით. ჩვენ ერთდროულად ინდივიდუალურ და კოლექტიურ სივრცეში აღმოვჩნდებით, რომელშიც კარგად შევიგრძნობთ ადამიანებისა და საგნების ურთიერთქმედებას.
ამ გამოფენის ფარგლებში ალვარადო წარმოგვიდგენს ოთხ პანოს, თუ “ტილოს,” ბუმბულის ფარდაგებს და მუსიკალურ გარესამყაროს. ქართული პოლიფონიური ტრადაციითა და ქართულ ლანდშაფტში ჩაფლული მდიდარი ისტორიით აღფრთოვანებულმა, შექმნა ვიზუალური ხელოვნების, მუსიკისა და დეკორაციების პოლიფონიური ნაკრები. შრეებად განლაგებული განსხვავებული ელემენტები ისეთ ჰარმონიულ მოდელებს ქმნიან, რომლებსაც კოლექტიური მეხსიერების თავმოყრა ერთ ცალკეულ ამბავში შეუძლიათ.
დაბალანსებული და ერთმანეთთან შეწყობილი განსხვავებული ტონების თანხვედრა აწმყოს აღქმის ამაღლებულ შეგრძნებას ქმნის, სენსორული რეზონანსის საშუალებით დამთვალიერებელს ხელოვნების ნიმუშებთან და მათ გარშემო მყოფ ადამიანებთან საურთიერთოდ იწვევს.
ალვარადოს ნამუშევრები ისტორიებითაა შთაგონებული, რომლებიც ტრადიციული მექსიკური ქსოვილების ორნამენტებშია აღბეჭდილი. ეს ორნამეტები აჩრდილებივით გასდევენ პანოებს - როგორც უცნობი ისტორიის ნაწილები, რომლებიც ორგანულად ერწყმიან აწმყოს გამომსახველობასა და მხატვრულ პოტენციალს. მხატვარი, ერთი მხრივ, ითვალსიწინებს სტერეოტიპულ, შეზღუდულ წარმოდგენებს ტრადიციის თანამედროვეობაში გამოყენების შესახებ, მეორე მხრივ კი ამ ტრადიციას საკუთარ მრავალფეროვან შემოქმედებაში რთავს, რათა მასში ღრმად ჩადებული ფარული მხატვრული შესაძლებლობები ზედაპირზე ამოიტანოს და გააცოცხლოს. ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულება ისტორიისადმი ინსტალციებს დამატებით სემანტიკურ შრეს ანიჭებს და აწმყოს ინტენსიურ გრძნობისმიერ აღქმას ერთგვაროვანი ელემენტების რიგში ათავსებს.
ალვარადოს ინსტალაციები საპირისპირო საწყისების ჰარმონიული შეხამებაა. სწორედ ეს წინასწარ გააზრებული ჰარმონია აღძრავს აწმყოსა და ხშირად ბუნდოვანი, უჩინარი წარსულის გამძაფრებულ აღქმას, რაც ახალი გამოცდილების ფორმირებისთვის საჭირო პირობებს ქმნის. ყოველი საგანი განუყოფელია მისი ისტორიისგან. ალვარადოს მხატვრულ სამყაროში ხელოვნების ნიმუში არა მხოლოდ ნახატს, არამედ მუსიკას და გამოფენის სტუმრებსაც მოიცავს - გამოფენის ერთიან სივრცეში განსხვავებული ისტორიებით დატვირთული ადამიანების საზიარო განცდებს, ადამიანებისა, რომლებიც ერთმანეთზე გავლენის მოსახდენად და რაღაც ახლის შესაქმნელად იკრიბებიან.
მარინა კარონი