მდგომარეობებს შორის
“მდგომარეობებს შორის” ტრანსდისციპლინურ სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია ხელოვნებას, ახალ ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვა სინთეზურ მოცემულობებს აერთიანებს. “მდგომარეობებს შორის” ეს არის რეფლექსია დღევანდელ ცვალებად ეპოქასთან მიმართებაში, სადაც ტექნოლოგიური განვითარების უსწრაფესი ტემპი, ციფრული ინფორმაციის გავრცელების უმართავი პროცესები, დროისა და სივრცის მუდმივი ინტერნეტკავშირი, მედია მანიპულაციები, ყალბი “ცოდნები” და ინფორმაცია, ალტერნატიული თუ სიმულაციური რეალობები ფუნდამენტურად გარდაქმნის ადამიანის, როგორც აღქმის, ისე გამოხატვის პერსპექტივებს.
პლატფორმის ფუნქციონირების მთავარ პრინციპს კომპლექსური კურატორული მიდგომა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ცვალებადი სოციო-პოლიტიკური კონტექსტების იდენტიფიცერებას, კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი ცოდნებისა და გამომსახველობითი ფორმების მანიფესტაციების გენერირებას.
პლატფორმა 2018 წელს დაფუძნდა ხატია ჭოხონელიძის, ვატო ურუშაძის და გიორგი სპანდერაშვილის მიერ.
გამოფენები და პროექტები:
ვებ-გამოფენა „ადამიანი ვიდეო თვალით | ციფრული ოაზისები“. 2020;
Post.Digital.Dreams ახალი მედია ხელოვნების საერთაშორისო საგამოფენო პროექტი. 2019;
გამოფენის Post.Digital.Dreams პარალელური საგანმანათლებლო პროგრამა - გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანების პრეზენტაცია 2020;
Nomos Academy - PBL (problem- based learning) სწავლების მეთოდზე დაფუძნებული მოდულის შემუშავება და ორკვირიანი საპილოტე კურსი
In-Between Conditions X Politika | Sound Performance Sessions - საუნდ პერფომანსების სესია (ჰონკონგელი, ბრიტანელი და ქართველი შემსურლებლების მონაწილეობით)
ფლორიან ვუსტის საჯარო ლექცია და კინო ჩვენების სერია - ფესტივალ ტრანსმედიალეს კინო პროგრამის პრეზენტაცია;
გამოფენის „მდგომარეობებს შორის“ პარალალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სამი თვის განმავლობაში მოიცავდა სხვადასხვა პრეზენტაციებს, ვორქშოფებს და სხვა კვლევით საქმიანობას.
მულტიდისციპლინურ საგამოფენო პროექტი "მდგომარეობებს შორის"
KHIDI - თანამედროვე ხელოვნების სივრცეში,
2018, თბილისი
კონცეფცია/ აღწერა:
ტექნოლოგიური განვითარების არნახულმა სისწრაფემ, კომუნიკაციების მანამდე წარმოუდგენელმა შესაძლებლობებმა და ინფორმაციის ჭარბმა ნაკადმა გლობალური პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ახალი კონტურები ჩამოაყალიბა.
ადამიანის ცხოვრების ახალი მდგომარეობების გაჩენა ახალ მითოლოგიებსა და ნარატივებს ქმნის. შესაბამისად, ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბი სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში ახალი მანიპულაციების შესაძლებლობებს აჩენს. ამ პროცესების ლოგიკურად თანმდევი ნაწილია ახალი შემოქმედებითი მანისფესტაციების სიმრავლეც.
„მდგომარეობებს შორის“ 18 ნამუშევარს აერთიანებს და ექსპერიმენტის ფორმატით იმ კულტურულ იმპულსებს ასახავს, რომლებიც პოლიტიკური ან სოციალური ძვრებით არის ნასაზრდოები. გამოფენა ახალი მედიებისა და ტრანსდისციპლინური პრაქტიკების საშუალებით ცდილობს ჩაუღრმავდეს იმ სახელოვნებო ტენდენციებსა და დინებებს, რომელთა კონტექსტუალიზაცია საქართველოში ჯერ არ მომხდარა ან ყურადღების მიღმაა დარჩენილი. გამოფენა „მდგომარეობებს შორის“ ადგილობრივ კონტექსტში მაორიენტირებელ ამოცანას ისახავს მიზნად. ის ცდილობს, უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ თუ რა არის ის მდგომარეობები, რომლებშიც ვარსებობთ, ან როგორი იქნება ის მდგომარეობები, რომლებშიც ყოველდღიურობა მუდმივად იცვლება. რა არის ან შეიძლება იყოს ახალი მედია ხელოვნება საქართველოში და რა ურთიერთმიმართებებს ავლენს ის მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ კონტექსტთან?
გამოფენის კურატორები: ხატია ჭოხონელიძე, ვატო ურუშაძე, გიორგი სპანდერაშვილი
მონაწილეობენ: გიო სუმბაძე, გიორგი მაღრაძე, დეთუ ჯინჭარაძე და მარიამ ნატროშვილი, ვასილ მაჭარაძე და კოკა ვაშაკიძე, ვატო წერეთელი, სანდრო ასათიანი და ზურა ჯიშკარიანი, თამარ გურგენიძე, თორნიკე ქარჩხა, ჯასპერ ფუნგი, ლადო ლომიტაშვილი, ლადო ონიანი, მამუკა ჯაფარიძე, მანუჩარ ოქროსცვარიძე, ნიკა მაჩაიძე, ნიკოლოზ კაპანაძე, სანდრო სულაბერიძე, ტილდა ჯორჯი, InChina Collective
დამატებითი ინფორმაცია: www.inbetween.media