არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ავანგარდული მოდის ასამბლეა (1-ლი გამოშვება)

1995

"22 წლის დიზაინერი გელა კუპრაშვილი ბალტიისპირეთიდან ახალი დაბრუნებული იყო საქართველოში. 1994 წელს ის მეორე არხის "დუბლი 2" რედაქციის ბიჭებთან მეგობრობდა და სწორედ ტელევიზიის წინ დაიწყო ჩვენი ნაცნობობაც. ცოტა ხანში გელამ ავანგარდული მოდის ასამბლეის დაარსება გადაწყვიტა. ეს უბრალოდ, ჩვეულებრივი და თავდაჯერებული სიმშვიდით გამოგვიცხადა და დაამატა, რომ ეს გრანდიოზული მოვლენა იქნებოდა საქართველოსთვის. ჯერ არც სპონსორი არსებობდა, არც არანაირი დაფინანსების მოლოდინი - მაგრამ მან თქვა, რომ ეს უნდა გააკეთოს და მორჩა! გელა განდი (ეს მისი ბოლოდროინდელი ფსევდონიმია; ინდოეთსა და აზერბაიჯანში ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებულს შეარქვეს) ყოველთვის ასეთი იყო, ის ამბობდა, ოცნებობდა... ვინ წარმოიდგენდა, რომ 1995 წლის შემოდგომაზე მისი ეს ოცნება დიდუბეში "ექსპო-ჯორჯიას" უზარმაზარ ტერიტორიას შეავსებდა, თანაც რამდენიმე დღის განმავლობაში.

გელა განდიმ მაშინ გადაწყვიტა, რომ ავანგარდული მოდის პირველი ასამბლეის კონცეფცია მე უნდა შემექმნა. სოროსის ფონდში ახალგაზრდა კოორდინატორი ეკა მაზმიშვილი დიდი გულისყურით და მონდომებით მოეკიდა ამ წამოწყებას. გელას სხვებიც ჰყავდა გვერდით, დათო მაისურაძე, ყინულის ფესტივალს რომ აწყობს ხოლმე, მისი მეგობარი დიზაინერები გიორგი ნადირაძე, ნინო ახვლედიანი და ირმა პატარავა, პირველი რადიო, "დუბლი 2". დანარჩენი უკვე გელამ თვითონ მოახერხა დამოუკიდებლად. ჩემს კონცე- ფციას ერქვა "ვენერას მიწა" და იდეა იყო მოდის და ფეშენის დემისტიფიკაცია. ამ კონცეფციის განხორციელება შეუძლებელი გახდა, ის უფრო თეორიულ მხარდაჭერად დარჩა.

ეს უნდა ყოფილიყო ალტერნატიული მოდის ფესტივალი, სადაც დადგენილი უნიფორმებისა და ტრაფარეტული სნობიზმის ჰეგემონია გაქრებოდა. თბილისს ისედაც არასოდეს ჰქონია მაღალი მოდის კულტურა და მით უფრო - ბაზარი, ამიტომ "ამას პროექტი არა მოდასთან დაპირისპირების მცდელობა, არამედ უკვე დამოუკიდებელი სოციო-კულტურული პერფორმანსის ჩანასახი იყო. განსაკუთრებით თვალშისაცემი 90-იანი წლების საქართველოში, სადაც ყველა მონატრებული იყო დიდი ხნის განშორებულ ცხოვრებისეულ სიამეებს და ჯერ არც დასავლეთის აღთქმული დღესასწაული ჩანდა. ავანგარდული მოდის ფესტივალი თბილისის ახალგაზრდა მოსახლეობას შუა ქალაქში ფერად და ხმაურიან დღეებს ჰპირდებოდა. აქ გოგონებს შეეძლოთ მოეწიათ სიგარეტი, ბიჭებს შეეძლოთ ევლოთ ჯგუფებად და შორიდან თვალი ედევნებინათ მათთვის. გარდა ამისა, მართლაც ამ ფესტივალმა გააერთიანა მხატვრები, პოეტები, დიზაინერები და მუსიკოსები, ვინც მაშინ თბილისის და საქართველოს ახალ კულტურას ქმნიდა.

გელა განდიმ პირველმა ჩამოიყვანა თბილისში თანამედროვე ვარსკვალავი, ინგლისელი არტისტი ენდრიუ ლოგანი, რომელიც პერფორმანსთან ერთად შესანიშნავ სამკაულებს აკეთებს. თბილისში ავანგარდული მოდის ასამბლეაზე ასევე იმყოფებოდნენ ანდრეი ბარტენევი და პეტლიურა მოსკოვიდან, შოზო შიმამოტო და ჰიროკო უსუი იაპონიიდან. ვინც დღეს მოდის სამყაროში რამეს აკეთებს თბილისში, უმეტესობა სწორედ ამ ფესტივალთან იყო დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში, სწორედ აქედან დაიწყო მათი კარიერა. წყარო.

Avant-Garde Fashion Assembly webpage

Eastern European Avant-Garde Fashion. Tamas Kiraly and His Soviet Contemporaries. Artportal. Author: Muskovics Gyula. 2020 

ინტერვიუ ავანგარდული მოდის ასამბლეის დამფუძნებელ გელა კუპრაშვილთან. hammock.at.ge. ავტორი: გვანცა ჩანადირი. 2019

ავანგარდული მოდის ასამბლეა, ავანგარდული პეტლურა და ვარსკვლავთცვენა დაიწყო. ინდიგო. ავტორი: ლელა ოჩიაური. 2019

ასკინკილა, ბზრიალი და ბევრი პოლიეთილენი პოდიუმზე - როგორი იყო 90-იანებში ქართული მოდური ჩვენება. Palitratv. 2018

კოსმონავტი გელა კუპრაშვილი და ავანგარდული მოდის ასამბლეა. ცხელი შოკოლადი. ავტორი: დავით ჩიხლაძე. 2010