სანდრო სულაბერიძე (დაბ.1991) სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფოტოგრაფიის მიმართულებაზე. მისი ინტერესი ფოკუსირებულია ფოტო-ექსპერიმენტების, დიზაინისა და გამოგონების ირგვლივ. ექსპერიმენტული ფოტოგრაფიისთვის ხელოვანი იყენებს სხვადასხვა ლინზებს, კამერებს, მათ შორის მის გამოგონებულ ფოტოაპარატებს: ბუზის თვალთახედვა I და II. ეს ორი პროექტი ხელოვანის ინტერესის სფეროებს აერთიანებს - ერთდროულად არის ფოტო-კამერა, გამოგონება, რომელიც თავიდან ბოლომდე ხელოვანის მიერ არის აწყობილი, როგორც დიზაინის ისე ტექნიკური გადაწყვეტის მხრივ.
სულაბერიძის ფოტო-ნამუშევრებში ასახულია რეაქცია თანამედროვე ციფრული ფოტოს მასობრივ ხასიათზე. უსასრულოდ ტირაჟირებული ციფრული ფოტოს მედიუმის საშუალებით რთულდება იმ აქცენტების დასმა, რაც ხელოვანის არტისტულ ინტერესშია. ჩვენს გარეთ პროცესები მუდმივად მრავალფეროვანია. ერთფეროვნება ადამიანის შინაგანი განცდა და მდგომარეობა უფროა. არტისტის მიერ მიგნებული განახლებული პერსპექტივით ფოტო-მედიუმის და ყოველდღიურობის დანახვა სხვა შესაძლებლობებს ქმნის. ჩვეულებრივი მომენტები, რომლებიც ყოველდღიურობაში, ციფრული ინფორმაციის ნაკადში იკარგება, ექსპერიმენტულ ფოტოებში ახალ მნიშვნელობას იძენს.
ტრადიციული ფოტო-კამერა ადამიანის თვალის მოდელის მიხედვით არის შექმნილი. მაგრამ ობიექტური რეალობა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ტრადიციული ობიექტივი. ადამიანის თვალი შესაძლოა ფრაგმენტულად აღიქვამდეს მის გარშემო სამყაროს, შესაძლოა შეზღუდული ქონდეს აღქმის დიაპაზონი. მაგალითად მწერის თვალის მოდელს სხვა შესაძლებლობები აქვს და შესაბამისად სხვა შეზღუდვები. მწერის მხედველობა ბევრი პატარა თვალიდან მიღებული გამოსახულებისაგან შედგება, რომელიც ერთ სისტემას ქმნის. ის სფერული ფორმის მხედველობის აპარატში გაერთიანებული მიკროსკოპული თვალების სიმრავლიდან იღებს საერთო სურათს. რეალობა მწერის აღქმის აპარატში შედის დანაწევრებული სახით, ვიღებთ მოზაიკურ გამოსახულებას. სამყაროს მწერი ადამაინთან შედარებით ფართო კუთხით აღიქვამს, ანუ ერთდროულად მას მეტი არეალის მოცვა შეუძლია მხედველობით. ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე ის ბევრად სწრაფად რეაგირებს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.
სულაბერიძის პირველი ექსპერიმენტული კამერა, რომელიც განსხვავებული არსების, ბუზის თვალთახედვას წარმოადგენს, სამხატვრო აკადემიის სადიპლომო პროექტი იყო (2014). მცირე ზომის კამერა მწერის თვალის მსგავსად, მოზაიკის პრინციპით აწყობს გამოსახულებას, რომელიც ბევრი პატარა ლინზის საშუალებით შედის აპარატში. ფოტოებში ფოკუსი კეთდება სრულიად ჩვეულებრივი, ყოველდღიური მომენტების ასახვაზე. ამ კამერით მცირე ზომის ფოტოები გამოდის, რომლებიც საშუალებას გვაძლევს სხვა არსების მხედველობის პრინციპი გავითავისოთ.
“ბუზის თვალთახედვა II” 2017 წელს ციურიხის სახელოვნებო რეზიდენციაში აწყობილი კამერაა, რომელიც კიდევ უფრო დიდი მასშტაბით წარმოადგენს მწერის თვალის შესაძლებლობებს. ის ფანერის, ლითონის ფირფიტებისა და პლასტმასის მილებისგან არის აწყობილი. ამ მოდელს ბუზის მხედველობის პრინციპზე აგებული ნახევარწრიული პანორამული სურათის შექმნა შეუძლია.
სულაბერიძე 2015 წლიდან არის თანამედროვე ხელოვნების პლათფორმის „ობსკურა“ წევრი. 2013 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მათ შრის: სოლო გამოფენა „ბუზის თვალთახედვაII”, ბაუჰაუსის დარბაზი, თბილისი; დინების მიმართულებით, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე, 2018; Message Salon Embassy Zurich Nord, 2017; კონიაკიდან აფრიკამდე, გალერეა ნექტარი, თბილისი, 2016; სინთეზი 1, თელავი, ნადიკვარის პარკი, 2016; სინთეზი 2 ფაბრიკა, თბილისი, 2016; New Constructive Energies, ექსპო-ჯორჯია, თბილისი, 2016; XXI საუკუნის ქართველი არტისტები, Popiashvili-Gvaberidze Window Project, 2015; გალერეა კონტეინერი, 2013.