საქართველოში დაბადებული მხატვრის, მიშიკო სულაკაურის ნამუშევრები ინტერდისციპლინურ ბაზას ეფუძნება და მხატვრული პრაქტიკის ფართო სპექტრს მოიცავს. მხატვარი თბილისში ცხოვრობს - მის საყვარელ ქალაქში, სადაც მიმდინარე მოვლენები მისი ხელოვნების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. როგორც სოციალურად მოტივირებული არტისტი, ის ხელოვნებას ურბანული ცხოვრების ცენტრში ქმნის.
მისი ხელოვნების განმსაზღვრელი საკითხებია ჯენტრიფიკაცია, მიტოვებული სივრცეები და მათი მფლობელები და მთავრობის დამოკიდებულება გარემოს დაცვისა და ჰაერის დაბინძურების მიმართ. მხატვრის ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქალაქის სივრცეებზე, მათ ფუნქციებზე და დროთა განმავლობაში მათი ტრანსფორმაციის პროცესზე დაკვირვება.
მიშიკო სულაკაური იკვლევს საკულტო და საკრალურ ადგილებს, ასევე კავშირს ხელოვნებასა და რელიგიას შორის, მღვდელისა და მხატვრის მსგავს ფუნქციებს, მათ სტატუსს და ავტორიტეტს თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც, როგორც რეალობის ტრანსფორმაციასთან არის ასოცირებული, აგრეთვე ინსტიტუციებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაც ქმნის საფრთხეს, რომ მათი ქმედება გამოყენებული იყოს როგორც იდეოლოგიური იარაღი.
მიშიკო სულაკაურის პრაქტიკა ფოკუსირებულია ადგილობრივ მაცხოვრებლებთან დიალოგზე. ის შეისწავლის კავშირს ქალაქის განვითარებასა და ადგილობრივ თემებს შორის, ასევე ტრანსსასაზღვრო საკითხებს, რაც სამაჩაბლოში, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ნამუშევრებში აისახა.
მისი ხელოვნება მჭიდროს არის დაკავშირებული საქართველოს მაღალმთიან რეგიონთან - თუშეთთან, საიდანაც მისი ფესვები მოდის. ეს იზოლირებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურისგან მოწყვეტილი ადგილი, დღესაც ინახავს უზარმაზარ საკრალურ ინფორმაციას. მხატვარი იკვლევს კოლექტიურ ქვეცნობიერში დაშრევებულ არქეტიპებს, გაუჩინარების პირას მყოფ ნიშნებს და წარსულის სიმბოლოების თანამედროვე მხატვრულ ხატებად თარგმნისა და გარდასახვის საშუალებებს.
ასახავს რა იმ რეალობას, რომელშიც ის არსებობს და მუშაობს, მიშიკო იკვლევს არსებულ კულტურულ, სოციალურ, მხატვრულ სტრუქტურებს და ხელოვნების ჯაჭვში მხატვრის არსებობის ურთიერთგამომრიცხავ მდგომარეობას; ავტორის, როგორც ნამუშევრების „მწარმოებლის“, აგრეთვე ძალაუფლების, სახელოვნებო ინსტიტუტების, ხელოვნების ბაზრის საკითხებს და მათი, როგორც რელობის ტრანსფორმატორების მნიშვნელობას და გავლენას.
თბილისი განსაზღვრული დროის, გარემოს, კულტურის, სოციუმის, რელიგიის, პოლიტიკის მიმართ მისი დამოკიდებულების და მიმართების აღნიშვნელი ვიზუალური ნიშნებითაა სავსე. კედლის ზედაპირებზე ისინი ცნებებად და მნიშვნელობებად გარდაიქმნებიან და თავად თბილისის შენობებს სიმბოლურ ველად აქცევენ. თითოეული მისი გამოსახულება საკუთარ ენაზე გესაუბრება, ყოველ მათგანს საკუთარი მეხსიერება აქვს, რომელიც ურთიერთქმედებს როგორც მნახველთან, ასევე კედლის ბზარებთან, ფენებთან, ზედაპირებთან. მისი ნამუშევრები სამუდამოდ გრჩებიან მეხსიერებაში, რადგან უსასრულო მნიშვნელობებს აჩენენ თბილისში - მის მშობლიურ ქალაქში, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც პარადოქსული ველი, ეკლექტური ერთობა, განსხვავებული ენობრივი კოდების, ნიშნების, სტილების და დისკურსების გადაკვეთის ადგილი.
www.mishikosulakauri.com