დავიბადე 1982 წელს, მხატვრების გარემოცვაში და ჩემი ბავშვობა ზეთის საღებავისა და თიხის, შამოტის სუნით იყო გაჯერებული. ხატვაც, ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა იყო და ფერწერის შესწავლა ჯერ მაშინდელი ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში და შემდეგ სამხატვრო აკადემიაში (1999-2005), უდავო გადაწყვეტილება იყო. ორივე სასწავლებელში შევხვდი ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობამაც ბევრი კარგი გამოცდილება შემძინა. მაშინდელი სასწავლო პირობების მიუხედავად, როდესაც ფერწერის სახელოსნოში შეშითა და ნავთით ვთბებოდით და წვიმის წყალი და ბათქაში ერთად ცვიოდა ჭერიდან, ვხატავდით. სტუდენტები უმეტესად ერთმანეთისგან ვიღებდით გამოცდილებას, ანალიზით, ურთიერთკრიტიკით, გავდიოდით სახატავად ძველ ქუჩებში... ნატურის აკადემიური, სტატიკური დგომა აღარ გვაკმაყოფილებდა და ჩანახატებისათვის გოგირდის აბანოებში შევდიოდით... დავდიოდით ფოტოგრაფიის ლექციებზე თეატრალურ უნივერსიტეტში, იქ პავილიონში ვიღებდით ექსპერიმენტულ ფოტოებს და ფირსაც იქვე ვამჟღავნებდით. გვაინტერესებდა ქანდაკება, ქორეოგრაფია.
აკადემიის წლების შემდეგ გერმანიასთან დავიწყე ურთიერთობა და რამდენიმე მცირე გამოფენით საინტერესო გამოცდილება შევიძინე. თბილისში შემდგარი გამოფენებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად 2007 წლის ოქტომბერში, ერთდღიანი გამოფენა-აქცია მიმაჩნია, რომელიც მუხიანში, იმ დროს არსებული რადიოქარხნის ნახევრად დანგრეულ შენობაში მოვაწყეთ. ეს შენობა მეგობარი მხატვრების დახმარებით აღმოვაჩინეთ, რომლებიც იმ დროს იქ სხვადასხვა აქცია-პერფორმანსით, „ქარხაისტების“ სახელით გამოდიოდნენ. ეს გამოფენაც ჩვენი ურთიერთობის შედეგი იყო, გვაინტერესებდა, როგორი იქნებოდა „ჩვეულებრივი ნამუშევრებისა“ და სრულიად არასაგამოფენო სივრცის სინთეზი და რას მივიღებდით... იმავე დილით ადრე გაწყობილი ექსპოზიცია რამდენიმე საათს გაგრძელდა, სანამ შორიახლო მყოფი დარაჯი მიხვდებოდა, რომ შენობაში რაღაც ხდება...
იმავე წელს სამხატვრო აკადემიაში დავიწყე ფერწერის მიწვეულ პედაგოგად მუშაობა. ის 6 წლიანი გამოცდილებაც საინტერესო ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ იყო საკმაოდ ნაყოფიერი ურთიერთობა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ასევე პერსონალური გამოფენა 2018 წელს თბილისში, ხელოვნების სასახლეში. ახლა თბილისის ერთ-ერთ სიმპათიურ სკოლაში, არასრული დატვირთვით, ხატვის გერმანულენოვან მასწავლებლად ვმუშაობ და ბავშვებისგან ხშირად ვიღებ იმპულსებსა და შთაგონებებს...
ჩემი უმთავრესი მასალა ყოველთვის ზეთის საღებავი იყო, მისი შრობის პროცესის გამო. ის მაძლევს საშუალებას, რომ ნამუშევრის ძიების პროცესი ხანგრძლივი და მედიტაციური იყოს. ერთი პატარა იმპულსით დაწყებულ ნახატს უნებლიედ ზოგად, არსებით პრობლემებთან და საკითხებთან მივყავარ. ასე ჩნდება თხრობითი გამოსახულება, სადაც ყოველ დეტალს აქვს მნიშვნელობა. ამ პროცესში ნამუშევრის ელემენტები დამოუკიდებლად და თავისთავად იწყებენ განვითარებას და წინათგრძნობით და ინტუიციით იმართებიან. ადრინდელ ნამუშევრებში მაინტერესებდა სიმსუბუქის, სიმშვიდის განწყობილებები, შემდეგ მეხსიერების, მარადიულობის, წარმავლობის საკითხები. ბოლო წლებში მცირე ფორმატში, ტუშის გრაფიკაში ვიპოვე თავი, სადაც ჩემს არსებობას და ფიქრებს ჩანახატებით ვაცნობიერებ.
ზოგადად ხატვა, ვფიქრობ, უამრავი ახალი მედიუმის პირობებშიც კი შეუცვლელი, რიტუალური მნიშვნელობისაა და იმ ძირითად, არსებით ინსტიქტებს მიეკუთვნება, რომლებიც უძველეს და თანამედროვე ადამიანს (ჯერ კიდევ) აერთიანებს.
ქ. კაკაბაძე, 2020