გურანდა ქლიბაძე დაიბადა 1973 წელს. იგი 1992-1995 წლებში საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში სცენოგრაფიას ეუფლებოდა. 1995-1999 წლებში კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.
XXI საუკუნის ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა შორის ფიგურატიული ხელოვნების საზღვრებში ჟანრობრივ მოტივთა სრულიად ახალი გააზრებისა და ინტერპრეტაციის ტენდენცია გამოიკვეთა. ობიექტთა სიმბოლისტურ-მეტაფორული დატვირთვა, კონცეპტუალურ და სახვით საწყისთა სინთეზი, შესრულების ტექნიკის სრულყოფილება ამ მხატვრებს უახლესი ქართული სახვითი ხელოვნების საერთო ნაკადიდან გამოარჩევს.
გურანდა ქლიბაძის ორიგინალური და ემოციური მხატვრული ხედვა სამყაროს, გრძნობათა, გამოსახულებათა სწორედ ამგვარ გააზრებას ეყრდნობა. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ექსპრესიული ემოციით, განწყობით სავსე ყველა ობიექტი გაცილებით მეტად ეხება ქვეცნობიერის სიმებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ნატურისა და მონოტიპიის ურთულესი ტექნიკის ზედმიწევნით ცოდნა მხატვარს გამოსახულების გაბედული დეფორმაციისა და „გაპირობითობის“ საშუალებას აძლევს. ფორმათა უკიდურესი განზოგადებისა და აბსტრაჰირების მიუხედავად, მირანდა ქლიბაძის შემოქმედებაში გამოსახულება ყოველთვის ინარჩუნებს ვიზუალურ ცნობადობას და განსაკუთრებული ემოციისა და ექსპრესიის მქონე მხატვრულ სახედ ყალიბდება. ნეიტრალურ თეთრ ფონთან კონტრასტი მეტ მონუმენტურობასა და მნიშვნელობას ანიჭებს ექსპრესიულ, უმეტესად ფერში ლაკონიურ გამოსახულებებს. მისი ქმნილებანი სამყაროს ხან ქაოსის, ხან კი _ წესრიგის ერთდროული გამოხატულებაა. გარდაუვალობა _ სამყაროსა და ადამიანის თანაარსებობის ეს კანონზომიერება, გურანდა ქლიბაძის შემოქმედების მთავარი იდეაა.
პერსონალური გამოფენები: დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა. საქართველო (2014); იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი/საქართველოს ეროვნული მუზეუმი. თბილისი, საქართველო (2014); გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი. თბილისი, საქართველო (2015). ჯგუფური გამოფენები: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი. თბილისი, საქართველო (1995); გალერეა „ჰობი“. თბილისი, საქართველო (1997); გალერეა „ორიონი”. თბილისი, საქართველო (1999); ეროვნული გალერეა. თბილისი, საქართველო (2000); თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა). თბილისი, საქართველო (2000); „თიბისი გალერეა“. თბილისი, საქართველო (2005); „არტ გალერეა“. თბილისი, საქართველო (2013); ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველო (2018); თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა _ TAF. თბილისი, საქართველო (2019); „ბაია გალერეა“. თბილისი, საქართველო (2017, 2018, 2019).
ტექსტის ავტორი ნანა შერვაშიძე
გურანდა ქლიბაძეს წარმოადგენს გალერეა ბაია