ბავშვობაში ბევრს ვხატავდი. უფროსები ხშირად მეუბნებოდნენ, ალბათ მხატვარი გამოხვალო. რაღაც პერიოდში, 7-8 წლის ასაკში, უფროსების ამ სიტყვების მიმართ რატომღაც მძაფრი პროტესტი გამიჩნდა და ხატვა საერთოდ შევწყვიტე. ეს შეგნებულად, ცერემონიულად გავაკეთე, თუმცა საბოლოო ჯამში, უფროსები მართალი აღმოჩდნენ - რამდენიმე წლის შემდეგ მხატვრობის მიმართ უკვე გაცნობიერებული ინტერესი გამიჩნდა. 13-14 წლის ასაკში ჩემთვის ხატვის სწავლება ოჯახის მეგობარმა, ომარ დურმიშიძემ ითავა. ის თავისი თაობის -70-იანელების ერთ-ერთი ნიჭიერი ხელოვანი იყო. ომართან რამდენიმე წლის მანძილზე, არარეგულარულად დავდიოდი და მან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ხელოვნება ავირჩიე. შემდეგ სხვა პედაგოგებიც მყავდა: თამაზ შათირიშვილი, ალბერტ დილბარიანი (დილბო), ბეჟან შველიძე. ყველანი ძალიან განსხვავებული ხელოვანები და პიროვნებები იყვნენ, ამიტომ მათთან სწავლას კონკრეტული მიმართულება ჩემთვის არ მოუცია. ეს, უბრალოდ, კარგ სკოლად და აუცილებლად გადასალახ გამოცდილებად დაგროვდა. ეს ყველაფერი ძალიან ადრეულ, 15-16 წლის ასაკში ხდებოდა. ამ პერიოდიდან მახსოვს შეგრძნება, რომელიც შემდეგ, წლებთან ერთად, უფრო და უფრო იშვიათი გახდა - როდესაც გამორჩეულ ხელოვნებას უყურებ და სიამოვნებას ფიზიკურად გრძნობ. ამ შეგრძნებამაც განაპირობა, რომ ხელოვნება ავირჩიე... 16 წლის ასაკიდან კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და, ალბათ, ეს გამოცდილება სრული კატასტროფა იქნებოდა, რომ არა ბევრი ახალგაზრდა ადამიანის ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა... სხვათა შორის, აკადემიაში სწავლის დასასრულს და დასრულების შემდეგ, საკმაოდ ხანგრძლივი ფრუსტრაციის პერიოდი მქონდა, რომლის გადალახვას რამდენიმე წელი და დიდი ძალისხმევა დაჭირდა...
ყოველთვის მიჭირს ჩემი ხელოვნება რომელიმე კონკრეტული მიმდინარეობით განვსაზღვრო. დღევანდელი ხელოვნება ისედაც იმდენად სინთეზურია, რომ თანამედროვე ხელოვანის შემოქმედება ერთი მიმდინარეობის ფარგლებში იშვიათად თავსდება. ჩემ შემთხვევაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩემი ნამუშევრები, ძირითადად, მინიმალიზმის, კონცეპტუალიზმის და „ქონთემფორარი არტის“ ნაზავია, თუმცა სხვა მიმდინარეობების ელემენტებიც შეიძლება აღმოვაჩინოთ. ამავე დროს, ვიზუალურ ეკლექტიზმს მაქსიმალურად გავურბივარ... საბოლოო ჯამში, ხელოვნების ჩარჩოში ჩასმა და იარლიყების მიწებება უფრო სხვების საქმეა, ვიდრე თვითონ ხელოვანების. ჩემთვის შემოქმედებითი პროცესი ცოცხალი დიალოგია, ოღონდ ვიზუალური მესიჯებით, იმიჯებით; არა კონკრეტულ მაყურებელთან, კონკრეტულ სოციუმთან, არამედ მთლიანად ყველაფერთან, რაც ჩვენს გარშემოა და გვეხება, მათ შორის - საკუთარ თავთანაც. ეს კითხვა-პასუხის რეჟიმია; კითხვებს ხან სამყარო სვამს და ხან - ხელოვანი. ვთვლი, რომ ვიზუალური ხელოვნებით ის მესიჯები უნდა გადმოიცეს, რასაც სხვა ფორმით (მაგალითად, ვერბალურად) ვერ გადმოვცემთ. ყოველ შემთხვევაში, ისეთი სიცხადით ვერ გადმოვცემთ... მხოლოდ ამ შემთხვევაშია გამართლებული გამოსახულების შექმნა...
2001 წელს, „გალერეა N“-ში რამდენიმე ხელოვანმა, რომლებსაც აკადემია ახალი დამთავრებული გვქონდა, ჯგუფური გამოფენა გავაკეთეთ, სადაც 2 ბეჭდური გრაფიკული ნამუშევარი გამოვფინე. თვითონ ნამუშევრები დიდად მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა დღევანდელი პოზიციიდან ეს პირველი ნამუშევრებია, რომლებშიც მოსწავლეობის პერიოდის (და არა სწავლის) დამთავრება და ის მინიმალისტური ესთეტიკა გამოჩნდა, რომელიც ჩემს ხელოვნებას დღესაც მიყვება. ეს გრაფიკული, მინიმალისტური ესთეტიკა ჩამოყალიბებულად უკვე რამდენიმე წლის შემდეგ, 2010-11 წლების გამოფენებზე გამოჩნდა. ამ პერიოდში, ალბათ, ჩემი საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრები გავაკეთე, რომლებშიც ფორმის და კონცეფციის მხრივ, ჩემთვის სასურველ შედეგს მივაღწიე. შემდეგი საეტაპო ნამუშევარი პატარა სოლო პროექტი „EXISTERE” იყო, რომელიც გალერეა „აკადემია+“-ში 2012 წელს გავაკეთე. ეს უკვე მთლიანად კონცეპტუალური, მულტიმედიური პროექტი იყო. ფაქტობრივად, ამ პროექტიდან დავიწყე ობიექტებზე და ინსტალაციებზე სერიოზული მუშაობა - ამ მხრივ იყო ის საეტაპო. კიდევ სამ მნიშვნელოვან პროექტს გამოვყოფდი: „მთვარის მუზეუმი“, კონსტანტინე მინდაძესა და როკო ირემაშვილთან ერთად ეროვნულ გალერეაში (2013); „სარკის უკანა მხარე“ - სოლო-გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში (აქ ახალ, დიდ ინსტალაციასთან და სხვა ნამუშევრებთან ერთად, ზოგიერთი ძველი ნამუშევარიც გამოვფინე) (2015); და სულ ახლახან - „Content Unavailable“ „დედიკას გალერეაში“. სამივე გამოფენისთვის კონცეფციაზე და ვიზუალურ მხარეზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. თუმცა არის სხვა, ისეთი ნამუშევრებიც, რომლებიც პროექტების ნაწილი არ ყოფილა, მაგრამ ცალკე ნამუშევრებად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის... ზოგადად, ყველა გამოფენას ეტაპად აღვიქვამ და ვცდილობ, ჩემთვისაც ახალი ექსპერიმენტი და წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს.
კურატორებთან (არტ-მენეჯერებთან) თანამშრომლობა ზოგჯერ გარკვეულ კომპრომისსაც გულისხმობს; განსაკუთრებით, როცა საქმე ჯგუფურ პროექტებს ეხება. ამიტომ მარტივი არ არის, ხელოვანისგანაც და კურატორისგანაც გარკვეულ დიპლომატიას მოითხოვს. მაგრამ ეს აუცილებელი და სასარგებლო თანამშრომლობაა. ვერ ვიტყვი, რომ ამის ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, რადგან უფრო ხშირად ჩემი პროექტებისთვის კურატორის სამუშაოსაც მე ვასრულებ, პოსტერის დიზაინის გაკეთებასაც კი იშვიათად ვანდობ ვინმეს. ეს ცოტა დამღლელია, თუმცა საავტორო პროექტი გამოდის და სასიამოვნოა. რამდენჯერმე ჯგუფურ პროექტებშიც შემისრულებია კურატორის სამუშაო - გამოფენის სათაური, იდეა, კონცეფცია მომიმზადებია. საინტერესო გამოცდილება იყო და როგორც ხელოვანი, საკმაოდ გამზარდა. ოღონდ ასეთი პროექტები მხოლოდ კარგად ნაცნობ, მეგობარ ხელოვანებთან თანამშრომლობით გამიკეთებია. სხვა შემთხვევაში, ასეთ როლს არ ვიტვირთავდი. საერთო გამოფენებისას, ძალიან მნიშვნელოვანია ექსპოზიციის ისე გაკეთება, რომ ყველა მონაწილე საუკეთესოდ გამოჩნდეს. ასევე, განსხვავებული ხელოვანების შემაკავშირებელი რგოლის პოვნაც მნიშვნელოვანია. ასეთ რაღაცეებზე მუშაობა ხელოვანს საკმაოდ ზრდის. ამიტომაც, მარტო სოლო პროექტებით არავინ უნდა შემოიფარგლოს. საერთო ნამუშევარს რაც შეეხება, ამის ერთადერთი პრეცედენტი მაქვს, როდესაც კონსტანტინე მინდაძესთან ერთად, დიდი ინსტალაცია გავაკეთეთ ხელოვნების მუზეუმში, პროექტისთვის „ჰიპერპოზიცია“. ამ ინსტალაციას თორნიკე გველესიანის საუნდიც ახლდა. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რასაც უკვე მაყურებელთან თანამშრომლობად აღვიქვამ, „არტისტ-თოქებია“, რაც მეგობარ ხელოვანებთან ერთად (თათია დარჩიაშვილი, როკო ირემაშვილი, კონსტანტინე მინდაძე) და ინდივიდუალურადაც რამდენჯერმე გავმართე, განსაკუთრებით ინტენსიურად - 2013-15 წლების განმავლობაში. ეს მაყურებლისადმი ყურადღების გამოხატვის, დამატებითი მესიჯების მიწოდების და საკუთარი ნამუშევრების განსხვავებული ინტერპრეტაციების მოსმენის საშუალებაა.
დღეს საქართველოში ბევრი კარგი ხელოვანი მუშაობს. ამის მიუხედავად, საქართველოში არ არის იმის შეგრძნება, რომ შემოქმედება ადამიანური არსებობის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილია, ის უფრო ხელოვანის ახირებულ ქმედებად აღიქმება. ხანდახან ვფიქრობ, რომ საზოგადოება შესაძლოა მართალია და ეს ასეც არის. მგონია, რომ დღევანდელ ქართულ საზოგადოებას არ აქვს იმის რწმენა, რომ კულტურული და შემოქმედებითი პოტენციალი გააჩნია, არ აქვს მოლოდინი, რომ ახალ, ორიგინალურ, ღირებულ ინტელექტუალურ-კულტურულ პროდუქტს შექმნის. ეს განწყობა - არაამბიციურობა, ალბათ, ნაწილობრივ ჩვენზეც - ხელოვანებზეც ვრცელდება. არადა, მჯერა, რომ ეს პოტენციალი არსებობს. რადგან თბილისის სამხატვრო აკადემია დავამთავრე, იმაზეც შემიძლია ვისაუბრო, რომ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სახელოვნებო სკოლაა, რომელიც საერთაშორისო არტ-პროცესში არ მონაწილეობს. როგორც ვთქვი, საქართველოში ბევრი კარგი ხელოვანია, მაგრამ ისინი უფრო თვითგანვითარების გზით შემდგარი ხელოვანები არიან, ვიდრე ლოგიკური სახელოვნებო პროცესის ნაწილი და ქართული არტ-სკოლის „პროდუქტი“. დღეს აკადემიაში ბევრი ძალიან კარგი ხელოვანი ასწავლის, მაგრამ არცერთი საერთაშორისო კარიერის მქონე არტისტი. ვფიქრობ, ასეთი ხელოვანების მოწვევა აუცილებელია, რომ სკოლამ საერთაშორისო კონტექსტი შეიძინოს...
ხელოვნებისთვის არც საკმარისი ეკონომიკური ბაზა არსებობს - არც სახელმწიფო ან კერძო დაფინანსების და არც კომერციული არტ-ბაზრის სახით. ამ ობიექტურ მოცემულობაში გასაკვირი არ არის, რომ ჩემი თაობის ხელოვანების ძალიან მცირე ნაწილი დარჩა აქტიურ ხელოვანად და ვინც დარჩა, მათი ძალისხმევა მართლა დასაფასებელია. ისიც უნდა ვთქვა, რომ სუსტ არტ-მარკეტს თავისი პლიუსიც აქვს; ის ვერ (ან ნაკლებად) კარნახობს თავის წესებს ხელოვანს, ვერ იქცევა ცენზორად, ან დიქტატორად. ხელოვანი მუდმივად რჩება ცოტა „ანდერგრაუნდულ“ მდგომარეობაში, რაც შემოქმედებისთვის სასარგებლოა... რთული და მტკივნეული სოციალური გარემოც, თავის მხრივ, შეიძლება შემოქმედებითი იმპულსების წყარო გახდეს. ის ხელოვანს კომფორტის ზონაში შესვლის საშუალებას არ აძლევს და გადასამუშავებლად ბევრ მასალას თავაზობს. ხელოვნების ერთ-ერთი მხარე ხომ ესეც არის: „ნაგვის“ გადამუშავება კეთილშობილ პროდუქტად, თავისებური ალქიმია.