სალომე მაჩაიძე არის მულტიმედია მხატვარი და კინემატოგრაფი, რომელიც, მრავალი წელია, გერმანიაში მოღვაწეობს.
1995 წელს ის ასრულებს სწავლას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების განხრით. 20 წლის ასაკში მისი შემოქმედებითი ინტერესი თეატრს უკავშირდება და მუშაობას კინომსახიობთა თეატრში განაგრძობს, სადაც ახალგაზრდა რეჟისორებთან ერთად დგამს ექსპერიმენტულ სპექტაკლებს, რომლებიც იმ დროის თბილისის “თეატრალურ ნორმებს” არღვევს.
“პერესტროიკის”, სამოქალაქო ომების და დაძაბული სოციო-პოლიტიკური გარემოს გამოცდილებების შემდეგ, სალომე ტოვებს თბილისს და სახცოვრებლად ბერლინში გადადის.
სალომე არის მულტიმედია კოლექტივის - “გოსლაბის” (რუსულად: სახელმწიფო ლაბორატორია / Государственная Лаборатория) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ჯგუფი აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის მქონე ხელოვანებს: კინემატოგრაფებს, ფოტოგრაფებს, მუსიკოსებს და მოდის დიზაინერებს, რომლთა უმეტესობაც, ერთდროულად, ბერლინსა და თბილისში მოღვაწეობს. “გოსლაბის” ხელოვნება მოიცავს ნამუშევრებს, რომლებიც ეხება საბჭოურ, პოსტ-საბჭოურ კონტექსტებს, მათს თარგმნას ქართულ ტრადიციულ თუ თანამედროვე ევროპულს სახელოვნებო ფორმებში.
2005 წელს სალომე ამთავრებს სწავლას ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში, ექსპერიმენტული მედიისა და ვიდეოკომუნიკაციების განხრით. მისი სადიპლომო ნამუშევარია TRIGGER TIGER (2006), რომელიც, საზოგადოებაში მნიშვნელოვან აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. საკუთარი ფილმების პარალელურად, ის მუშაობს მონტაჟის რეჟისორადაც.
2015 წელს ის იყო თანარეჟისორი (“გოსლაბის”) ფილმისთვის - “როდესაც დედამიწა მსუბუქია”, რომელიც ნაჩვენები იქნა 40 კინოფესტივალზე და რომელიც შემდეგი პრიზების - IDFA 2015 First Appearance, ვერცხლის პრომეთე - ლაურეატი გახდა.