თუ დინამიკაში განვიხილავ იმას, რაც გამიკეთებია, შეიძლება ითქვას , რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩემი დამოკიდებულება თვითგამოხატვის მიმართ არასოდეს ყოფილა ერთმნიშვნელოვანი: ჩაკეტილობიდან გახსნილობამდე და პირუკუ; სულიერი მდგომარეობა, დამოკიდებულება საზოგადოებასთან და აქედან გამომდინარე ესთეტური პრიორიტეტები - ეს ყოველივე იცვლება და აისახება ნამუშევარში; მუდმივი მსვლელობა, ნაკლებად - სივრცეში გადაადგილება, მეტად - მოგზაურობა საკუთარ თავში, ასე ვთქვათ თვითშემეცნება და გარეშეთათვის რაიმეს ახსნის სურვილი ან ახსნის სურვილის არქონა... თუმცა, სამსჯავროზე გამოტანილი ნააზრევი უკვე არის ახსნის მცდელობა.
დავიბადე 1960 წელს. თბილისის სახელმწიფო აკადემია დავამთავრე 1982 წელს.
ჩემთვის მნიშვნელოვანი პროექტები იყო:
2017 “Fest I Nova 2017” - პროექტის სახელწოდება „ურთიერთობის მრავალფერი ხალიჩა“, იდეის ავტორი, კურატორი და მონაწილე, „Art Villa Garikula“, გარიყულა
2016 “კედლის ობიექტი - მასალა თიხა”, ვიყავი იდეის ავტორი, კურატორი და მონაწილე. გამოფენისთვის გავაკეთე ნამუშევარი „გულგრილი მზერა“. ეროვნული გალერეა, თბილისი
2015 “Fest I Nova 2015” - ნამუშევარი - „ცეცხლოვანი კედელი“, „Art Villa Garikula“, გარიყულა
2014 „კუნძული საგამოფენო სივრცეში”, პერსონალური გამოფენა (კერამიკა), ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი, თბილისი
2010 “მსვლელობა”, პერსონალური გამოფენა, ლითოგრაფია _ გალერეა “შარდენი” სასტუმრო თბილისი მარიოტი. თბილისი
2007 ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავაარსეთ ქართული კერამიკული ხელოვნების და რეწვის ფონდი „თიხის ოფისი“
არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი ჩემს ცხოვრებაში პედაგოგიურ საქმიანობას უკავია: ვმუშაობ თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში; ვმუშაობდი აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.