კარლო კაჭარავა და გერმანია
იორგ იმენდორფი, ანსელმ კიფერი, იოზეფ ბოისი, ამბროსიუს ბირსი, ბიუჰნერი, აგუსტ სტრინდბერგი, ბერტოლდ ბრეჰტი, ერნსტ ბარლახი, გეორგ გროსი, ანრი კარტიე ბრესონი, ვილფრედ საგენი, გოლემი, ენიო მორიკონე… - ეს ის სახელებია, რომლებსაც კარლო კაჭარავა ხშირად მოიხსენიებს, ციტირებს ან უძღვნის თავის ნახატებს, ლექსებს, კრიტიკულ წერილებს. წელს კარლოს 50 წლის იუბილეა, ამავე დროს ეს საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის გახსნის 20 წლისთავია. კარლო კაჭარავას იუბილეს დამთხვევის გარდა უამრავი რამ აკავშირებდა გერმანულ კულტურასთან: პირველ რიგში კარლოსთვის გერმანული ენა იყო მისი საყვარელი ლიტერატურის ენა, იგი გერმანულს კარგად ფლობდა და გერმანული მისთვის მეორე ენა იყო. კარლოს ნახატებში წარწერები და ციტატები ქართულად თუ არა, მაშინ მხოლოდ გერმანულ ენაზეა, მისი ნახატი თითქმის წარმოუდგენელია მისი ჩვეული პატივისცემის, მიძღვნის და აღტაცების გამომხატველი გერმანული ფრაზის “Für”-ის გარეშე.
კარლო კაჭარავას გერმანული ექსპესიონიზმი და მისი თანამედროვე ნეოექსპრესიონიზმი განსაკუთრებით უყვარდა და მათი გავლენა მის ნახატებში ცნობადია არაპროფესიონალისთვისაც კი.
გარდა ამისა, ქართული ხელოვნებათმცოდენობის სკოლა გერმანული სკოლაზე იყო დაფუძნებული, კარლო განათლებით ხელოვნებათმცოდნე იყო და იგი სიცოცხლის ბოლომდე ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მუშაობდა.
კარლო კაჭარავა ერთდროულად ბევრს კითხულობდა, ხატავდა, წერდა. კითხულობდა უცხოურ ლიტერატურას მაგრამ ახდენდა მის შეთანხმებას და მისადაგებას საკუთარი გარემოსთან - მწერლები მხატვრები, გმირები მათი წიგნებიდან ერთიანდებიან კარლოს ნახატებში და ეს ნახატები ხშირად თანადროულად მრავალ ამბავს გადმოგვცემენ. კარლო ე. წ. “რასკადროვკის” კომპოზიციურ ფორმას ხშირად იყენებდა არა მარტო ქაღალდზე გუაშით, აკვარელით ან უბრალო პასტით დახატულ ნახატებში არამედ ტილოზე ზეთში შესრულებულ ნამუშევრებშიც. ეს ფორმატი კინემატოგრაფში ვიზუალურად ამბის გადმოცემის ჩვეული ფორმაა კონოს მხატვრებისთვის, ხოლო კარლოს შემთხვევაში მისი ვიზუალური ნარატივი მოითხოვს ამას, ის ერთ ნახატს არ კმაყოფილდება და მასში ბევრ პატარა კომპოზიციას ატევს, რადგან ის “გვიყვება” ამბავს და ხშირად შენიშვნებს/მინაწერებსაც ამატებს.
კარლო თავის კრიტიკულ ნაწერებში, ლექსებში, ნახატებში, დღიურებში და პირად წერილებშიც ნარატივს ქმნიდა რომელიც ყოველდღიური მის გარშემო ცხოვრების ამსახველი ისტორიების გარდა თითქმის ყოველთვის პარალელურად მის მიერ წაკითხული წიგნების ან ნანახი ფილმებიდან ამოკრეფილი ციტატებით იყო დატვირთული.
ასეთი ტიპის ნარატივი არა მხოლოდ მის ნახატებშია არამედ მის კრიტიკულ ნაწერებშიც იგივე ფორმას იღებს. კარლო კაჭარავა წერდა ბოისზე და კიფერზე, რაუშენბერგზე, მათ ისტორიას მოუთხრობდა მკითხველს.
ამის პარალელურად კარლო კაჭარავა ჩვენ, მის მეგობრებს, მის კოლეგებს გვიყვებოდა თავისი მეგობარი მხატვრების შესახებ. კარლოს უყვარდა ბევრი ლაპარაკი და ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო. იგი ჯერ ზეპირსიტყვიერად ახდენდა მისი მეგობარი მხატვრების ‘მითოლოგიზირებას”. მის მიერ თავისი თანამედროვე მხატვრების მითოლოგიზირება არ ნიშნავს რომ იგი კრიტიკული არ იყო მათ მიმართ, პირიქით, მისი მეგობარი ფოტო არტისტის გურამ წიბახაშვილის თქმით, კარლო კაჭარავა რომ გარდაიცვალა მხატვრებმა მისი სახით დაკარგეს ის ადამიანი რომელიც გარკვეული ვექტორი იყო ხელოვანებისთვის შეფასების კრიტერიუმი და კრიტიკული აზრიც დაიკარგა მისი ნაადრევი სიკვდილის შემდეგ.
ისეთივე კონტექსტი და ისტორია შეუქმნა თავის თანამედროვე მხატვრებს. კარლო გაუთავებლად ისტორიებს ყვებოდა, ბევრი ლაპარაკი უყვარდა მაგრამ ასე ხმამაღლა ლაპარაკში ის ქმნიდა ისტორიებს რომლებსაც მერე ბევრი იმეორებდა. ის ყვებოდა ბოისზე და მას მოაყოლებდა მერე ირაკლი ფარჯიანის, მამუკა ცეცხლაძის ისტორიებს.
კარლო კაჭარავამ ოცი წლის წინ დაწერა ის ცნობილი წერილი რომელიც დღემდე ძალიან აქტუალურია და რომელსაც დღევანდელ ქართულ არტ სამყაროში ახლაც ხშირად მოიხსენიებენ “რატომ არ არის საქართველო”.
რატომაა ეს სტატია ასე აქტუალური და მნიშვნელოვანი დღემდე? ამ წერილის ავტორმა თავის თავზე შეყვარებულ, ნარცისისტულ ამპარტავან თანამედროვე ქართული კულტურის წარმომადგენლებს პირველად ხმამაღლა უთხრა რომ ისინი უხილავები და უმნიშვნელოები არიან და რამდენიც არ უნდა დაიწყნარონ თავი და აქონ ერთმანეთის გამოფენები რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ეწყობა, ამ გამოფენების შემდეგ არავითარი კვალი არ რჩება გარდა 2-3 წუთიანი პომპეზურად გაშუქებული რეპორტაჟის გარდა, ასეთ ხალხს კარლო კაჭარავამ განუცხადა, რომ “იქ, თანამედროვე ხელოვნების სამყაროში, საქართველო საერთოდ არ არის.” კაჭარავა ირაკლი ფარჯიანის ნათქვამს იმეორებს “რა ხეირია კასპში პირველ მხატვრად მიაჩნდეთო.”
კარლო კაჭარავას ეს წერილი ალეხანდრო ამენაბარის ფილმი საშინელებათა ფილმს The Others მაგონებს, ეს ფილმი ჰენრი ჯეიმსის მე-19 საუკუნის ბოლოს დაწერილ მოთხრობა-ნოველაზეა დაფუძნებული. ფილმის მთავარ გმირს ჰგონია, რომ მისი სახლის დაპყრობას და მის შვილებს ვიღაც სხვები ებრძვიან და მათი სახლის დაპყრობა უნდათ. ფილმის კლიმაქტური მომენტში მაყურებელი მთავარ გმირთან ერთად ხვდება რომ მთავარი გმირი და მისი ოჯახი მხოლოდ მოჩვენებები და სულები არიან. ისინი ცარიელ სახლში ცხობროვდნენ და როდესაც სახლის ახალი მაცხოვრებლები მოვიდნენ ისინი მათ ვერ ხედავენ. ფილმის საკვანძო საშინელება ზუსტად ეს |”არ არსებობის” რეალიზების მომენტია - დაახლოებით ამ ცნობილი საშინელებათა ფილმის ეფექტი აქვს კარლო კაჭარავას ამ წერილს იმ ხელოვნების სამყაროზე რომელსაც სჯერა, რომ “განსაკუთრებული” კულტურული მოვლენის ნაწილია, “მნიშვნელოვანია” და როდესაც იგებს რომ ის უხილავია, მოჩვენებაა და გარე სამყარო მას ვერ ხედავს.
კარლო თავისი დროიდან გამომდინარე განმარტებას აძლევს ამ წერილს. ის გერმანელ კრიტიკოსს იურგენ ჰარტენს იშველიებს რომელმაც ქართულ და უკრაინულ ხელოვნებას, პროვინციულ და მარგინალურ არტად მიიჩნევს. ყველა არტისტს და არტ სამყაროს თავისი სპიკერი და კონტექსტის შემქმნელი სჭირდება, კლემენტ გრინბერგმა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის გააზრებაში, ჩამოყალიბებასა და პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა, მისი სახელი ისევე მოიხსენიება როგორც ჯექსონ პოლოკის, ვილემ დე კუნინგის, ბარნეტ ნიუმანის და სხვა აბსტრაქტული ექსპრესიონისტების მაიკლ ფრიდმა მინიმალიზმის და ლენდ არტის ინტერპრეტატორი და ამბის მომყოლი იყო. კარლომ ასეთივე როლი ითამაშა 80-იანების ბოლო და 90-იანების დასაწყისის მხატვრებისთვის, იგი გარდა იმისა რომ მეათე სართულის ჯგუფში იყო, ხატავდა მათთან ერთად კარლო კაჭარავამ მათ კონტექსტი შეუქმნა, იგი მათი კრიტიკოსი და “ლეგენდის” შემქმნელიც იყო. რა თქმა უნდა მხატვრების შემოქმედება თავისთავად არსებობდა, მათი გამოფენები ეწყობოდა, მათი კატალოგები კეთდებოდა მაგრამ მათი შემოქმედება არავის ისე ადექვატურად, ყველასთვის მისაწვდომ ენაზე არავის არ გაუანალიზებია როგორც კარლოს და კარლოსნაირად მათთვის ინსპირაცია და მიმართულება სხვას აღარ მიუცია.
მეორე მხრივ, კარლოს შემოქმედებაზე არ დაწერილა ისე როგორც კარლო წერდა სხვებზე. მიუხედავად იმისა რომ კარლომ ამდენი ნახატი, ჩანაწერები, პოეზია და კრიტიკული ნაწერი დატოვა მის ნახატებიდან ყველაზე კარგად შეიძლება იმ პერიოდის ცხოვრების კომპლექსური შეფასება. კარლოს არ გამორჩენია არანაირი ახალი ინფორმაცია რაც იმ პერიოდის საბჭოთა კავშირში შემოდიოდა, ის ამ ინფორმაციას კითხულობდა და შემდეგ უკვე გადაღეჭილს აწვდიდა თავის თანამედროვეებს.
კარლოს შემოქმედება არის იმის მაგალითი რა უნდა გაკეთდეს რომ თანამედროვე ქართველი ხელოვანები უხილავები აღარ იყვნენ ევროპულ ამერიკული არტ სამყაროსთვის. ეს თვით რეფლექცია და საკუთარი თავის კონტექსტის და ნარატივის შექმნა ყველაზე აუცილებელია რომელიც მან თავის დროზე დაინახა და გაანალიზა 20 წლის წინ. The Other-ის საშინელებას რომ თავი ავარიდოთ, დროა რომ აღარ ელოდონ ქართველი არტისტები რომ გარედან მოსული შეაფასებს მათ და მოყვება მათ ისტორიას, და თანამედროვე ხელოვების კონტექსტში რუქაზე დაიტანთ მათ, ეს საქმე არტისტების და ადგილობრივი არტ სამყაროს გასაკეთებელია. კარლო ამის კარგი მაგალითი იყო, იგი ამ ნარატივს ქმნიდა, ხატავდა, წერდა.
ტექსტის ავტორი: ირინა პოპიაშვილი