კოლექციონერი - დავით კუხალაშვილი
დავით კუხალაშვილის მხატვრობაში არის სიურრეალიზმის, პოპ-არტის, ფანკის (Funk art) მოტივები, რომელთა სინთეზით სატირული შინაარსები გადმოიცემა. ის კრიტიკული და ორაზროვანი ფერწერული ნამუშევრების ავტორია, სადაც ერთი შეხედვით აღმოცენებული კეთილგანწყობის ილუზია, რომელიც მკაფიო ფერებითა და მახვილგონივრული სილუეტებით იგება, მალევე ქრება, როცა დამთვალიერებელი დაკვირვებას იწყებს და აგრესიულ, დესტრუქციულსა და მწვავე კრიტიკულ თხრობას აღმოაჩენს. მისი სერია მოლოდინებისა და მათი თანხმლები ფრუსტრაციების შესახებ ორიგინალური ვიზუალური შესატყვისებით გადმოიცემა, - უსასრულობაში გაჭრილი უსისტემო კიბეების ქაოსი და კონტრასტული ჩანართი საწინააღმდეგო რეალობაზე მინიშნებით, ან ანონიმური მასის შიშველი ზურგების ერთმანეთზე დალაგებული მწკრივები და ასევე კონტრასტული კადრი სასკოლო მერხით. ინფანტილიზმი და მისი მძიმე შედეგები ეკოლოგიის თემაზე სიურრეალისტური პარადოქსივით ჩანს გამოსახულებებში, სადაც მშვენიერ ლანდშაფტში უცერემონიოდ იჭრება მაგიდის ჩოგბურთის კონსტრუქცია, ან გაშლილი გრძელი სუფრა. გამოფენის ცენტრალური ნამუშევარი კოლექციონერია, ასევე ორაზროვანი, -აქ ტერმინი, რომელიც პირველ რიგში სახელოვნებო სფეროსთან ასოცირდება, მაგრამ ამავე დროს მის სხვა მნიშვნელობებსაც აჩვენებს, სადაც კოლექციის ცოცხალი ექსპონატები მსხვერპლი ან თამაშის მონაწილე პერსონაჟები არიან.
დავით კუხალაშვილი ჯგუფი On/Off -ის წევრია და ამ ჯგუფის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იზიარებს სისტემის კრიტიკაზე მიმართულ ინტერესებს. ამ ჯგუფის მხატვრები აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის მკაფიო, ფერად, ანიმაციური მოტივებით შექმნილ ექსპრესიულ ფიგურატიულობას ირჩევენ და სახალისო მიდგომით გადმოსცემენ ეგზისტენციალური ვაკუუმის, ძალაუფლების დომინაციისკენ სწრაფვისა და კომერციალიზაციის პრობლემატიკას.
ტექსტი: ხათუნა ხაბულიანი